პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან, NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები შეაფასა და განაცხადა, რომ მოსახლეობის მხრიდან ეს არის პირდაპირ მანდატი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია.
მისი თქმით, მთავარი რაც ამ კვლევაში არის გამოკვეთილი არის ის, რომ მოსახლეობის მხრიდან სრული პროტესტია დღევანდელი მმართველი ძალის მიმართ.
“აქ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ეს გამოკვლევა ტარდება არა იმისთვის, რომ მონაცემები ვინმეს წინააღმდეგ იქნას გამოყენებული, არამედ ეს გამოკვლევა ტარდება იმისთვის, რომ გათვალისწინებული იყოს მოსახლეობის მოსაზრებები. ყველა ძირითადი მიმართულებით მოსახლეობა უარყოფითად აფასებს “ქართული ოცნების” საქმიანობას და მათ ლიდერებს. ეხება ეს დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობას, სადაც დიდი გაუარესებაა შარშანდელთან შედარებით; ეხება ეს ზოგადად, სახელმწიფოს კურსს, სადაც დიდი გაუარესებაა შარშანდელთან შედარებით და ასევე, ყველა სამინისტროს თუ ზოგადად, მთავრობის შეფასება მკვეთრად გაურესებულია შარშანდელთან შედარებით, რომელიც თავისთავად არ იყო ძალიან პოზიტიური. აქედან გამომდინარე, მოსახლეობის მხრიდან ეს არის პირდაპირ მანდატი იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართულმა ოცნებამ” უნდა დატოვოს მმართველი პოზიცია”, -განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
როგორც ჯაფარიძე აცხადებს, საყურადღებოა ის გარემოება, 70%-ზე მეტი უარყოფითად აფასებს პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმებას.
“ვფიქრობ, რომ მოსახლეობის აზრის ასეთი იგნორირება კიდევ უფრო ძვირი დაუჯდება მმართველ პარტიას და იმედი მაქვს, ამას მაინც გაითვალისწინებენ და მოლაპარაკებებში, რომელიც მიმდინარეობს ოპოზიციასა და მმართველ ძალას შორის, მმართველი ძალის მხრიდან ადეკვატური ნაბიჯები იქნება გადადგუმული მოსახლეობის მოთხოვნების გათვალისწინებით.
რაც შეეხება, ზოგადად, არის თუ არა ეს გამოკვლევა ზუსტი, ადრე ჩატარებულმა კვლევებმა რამდენად დაამტკიცეს, რომ ის, რაც ციფრებშია გამოხატული შემდგომ არჩევნებში ზუსტად გამეორდება, თუ არა, ერთი რამ მინდა ვთქვა, გამოკვლევას აქვს თავის მიზანი, ის იკვლევს მოსახლეობაში განწყობებს, მას თავის ჩატარების მეთოდიკა აქვს, ეს არის ძალიან პროფესიონალურად მომზადებული და ჩატარებული გამოკვლევა. ამიტომ, მისი იგნორირება არის სრული უპასუხისმგებლობა. თუმცა, მთავარია, რომ ჩვენ, როგორც ოპოზიციურმა პარტიებმა გავითვალისწინოთ ის მოლოდინები, რომელიც ჩვენს მოსახლეობას გააჩნია”,-განაცხადა ჯაფარიძემ.
ბადრი ჯაფარიძემ ასევე განმარტა, რატომ ვერ მოხვდა “ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის”კვლევაში პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის” .
“როდესაც ოქტომბერში ეს კვლევა დაიგეგმა, ჩვენ ჯერ კიდევ საზოგადოებრივი მოძრაობა ვიყავით, ამიტომ ჩვენ ვთხოვეთ, რომ ამ გამოკვლევაში “ლელო” არ ყოფილიყო ჩართული. შემდგომ გამოკვლევაში “ლელო” აუცილებლად ჩაერთვება. როგორც მოგეხსენებათ, პოლიტიკურ პარტიად (2019 წლის) 22 დეკემბერს დავრეგისტრირდით. ამიტომ ჩვენ, მივიღეთ გადაწყვეტილება და ვთხოვეთ NDI-ის, რომ ამ ეტაპზე, რამდენადაც ნოემბერში არ ვიყავით პოლიტიკური პარტია, არ მომხდარიყო ჩვენი ჩართვა გამოკვლევებში. შემდგომ გამოკვლევაში, გაზაფხულისთვის, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით”, – განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს.
NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.