ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მოსახლეობის მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია” – თორნტონი

NDI საქართველოს დირექტორმა, ლორა თორნტონმა ახალი კვლევის შედეგების შეფასებისას განაცხადა, რომ საზოგადოების მხრიდან დემოკრატიული ინსტიტუტების ასეთი ნეგატიური შეფასება შემაშფოთებელია.

“ინსტიტუტების მიმართ მოსახლეობის ნდობის აღდგენაზე პასუხისმგელობა პოლიტიკურ ლიდერებს, განსაკუთრებით კი ხელისუფლების წარმომადგენლებს ეკისრებათ. მათივე პასუხისმგებლობაა, რომ უზრუნველყონ მომავალი საარჩევნო პროცესის ლეგიტიმაცია, რაც საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული დაპირების შეუსრულებლობის გამო ეჭვქვეშ დგას”,-აღნიშნავს ლორა თორნტონი.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგების თანახმად, მოსახლეობის 53 პროცენტის აზრით, საქართველო არასწორი მიმართულებით ვითარდება. მხოლოდ 19 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. ამასთანავე, მოსახლეობის 59 პროცენტი ფიქრობს, რომ საქართველო დემოკრატია არ არის. ეს მაჩვენებელი 2010 წლის შემდეგ (46 პროცენტი) მნიშვნელოვნად არის გაზრდილი.

ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC–საქართველომ მედიას 2019 წლის ნოემბერ-დეკემბერში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები წარუდგინეს. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

 

იტვირთბა....