aviabiletebi
ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

“აშშ-სა და ირანს შორის კონფლიქტის გაღრმავება ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება შემაფერხებელი ქარი აღმოჩნდეს” – რატი აბულაძე

aviabiletebi
ავიაბილეთები

ეკონომიკის დოქტორი რატი აბულაძე “მეტრონომთან” იმ საფრთხეებზე საუბრობს, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მასშტაბური სამხედრო დაპირისპირების დაწყების შემთხვევაში, საქართველოს, რეგიონისა და მთლიანად გლობალურ ეკონომიკას შეიძლება დაემუქროს.

აბულაძის თქმით, აშშ-ირანს შორის უკიდურესად გამწვავებული ურთიერთობის ფონზე, მსოფლიო ბაზარზე უკვე შეინიშნება არამდგრადი მოძრაობები, კონფლიქტის გაღრმავების შემთხვევაში კი, გლობალური ეკონომიკა 0.3%-ით შემცირდება.

რაც შეეხება საქართველოს, ეკონომიკის დოქტორის განცხადებით, საქართველოზე ახლო აღმოსავლეთში განვითარებული მოვლენები არ ასახულა, თუმცა, ვითარების გაუარესება “ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება ერთგვარი შემაფერხებელი ქარი აღმოჩნდეს”.

“ჩვენი რეგიონი, ბუნებრივია, გარემოფაქტორების გავლენისადმი რეაგირებს ეკონომიკურ თუ პოლიტიკურ ჭრილში. მომავალ პერსპექტივაში, პროგნოზის საფუძველს ქმნის, აშშ-სა და ირანის მოქმედებები – რამდენად გაღრმავდება კონფლიქტი.

კონფლიქტის გაღრმავებას მოჰყვება ფასიანი ქაღალდების ბაზარზე არეულობა, ნავთობზე ფასების ზრდა, სამომხმარებლო და ბიზნესაქტივობის შემცირება და მთლიანობაში, პოლიტიკური არქიტქტურისა და ეკონომიკური კონტექსტის არსებითი ცვლილება. კონფლიქტის გაღრმავება გლობალურ ეკონომიკას შეამცირებს 0.3%-ით. ეს არ არის მცირე. აქტივობის შემცირება განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებზე მეტად,  ჩვენნაირ, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის არის პროგრესირებადი გამოწვევების მქონე. ეს ყველაფერი ქართული ეკონომიკისთვის შეიძლება ერთგვარი შემაფერხებელი ქარი აღმოჩნდეს.

ყოველივე აღნიშნული გამოიწვევს არასასურველ ბაზისურ გავლენებს და გამოწვევების ზრდას. კონფლიქტი რეგიონს მიიყვანს იმ დონემდე, რომ შრომის ბაზრის გამოწვევები, სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და თუნდაც ინფლაცია უკვე მეორეხარისხოვანი გახდება.

უნდა აღინიშნოს, ჯერ არ არის ფორმა მიცემული ამ კონფლიქტისთვის, მაგრამ ამ ფონზეც კი, არსებული ვითარება მსოფლიოში ბაზრებზე აისახა, საქართველოზე არ ასახულა. ინვესტორებმა დაიწყეს თავიანთ პორტფელებში გეოპოლიტიკური რისკების გათვალისწინება. ნავთობის ფასი გაძვირდა. ნავთობის ბაზარზე, შესაძლოა, მიწოდების შეფერხების რისკები წარმოიშვას. ამ რისკების გაზრდის შემთხვევაში, წინასწარ ითვალისწინებენ ტრეიდერები უსაფრთხოების პრემიებს და ზრდიან ფასს. ამას თუ დავუმატებთ სავალუტო კურსის ცვლილებასაც, ბუნებრივია, რომ ქართული ეკონომიკისთვისაც არ იქნება სასიამოვნო ნავთობის ფასის ზრდა – ჩვენ დამოკიდებული ვართ ნავთობის ფასზე, რადგან ყველაფერი გადაეცემა სურსათისა თუ ყოველდღიური მოთხოვნის პროდუქციის ფასზე და ასევე სხვა სახის პროდუქციის ფასზე”, – განუცხადა “მეტრონომს” რატი აბულაძემ.

შეგახსენებთ, ირანმა, ერაყში არსებულ ამერიკული სამხედრო ბაზებისკენ ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რაც ქვეყნის ინფორმაციით, ირანელი გენერლის ლიკვიდაციას უკავშირდება.

ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.

აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.

აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.

ირანის სულიერი ლიდერი აცხადებდა, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდებოდა.

ირანის მუქარის პასუხად, აშშ-ის პრეზიდენტმა მაშინ განაცხადა: ირანი მრავალი წლის განმავლობაში მხოლოდ პრობლემებს ქმნის – აშშ-ს მეტი მუქარის მოსმენა აღარ სურს”.

ერაყში ირანის მიერ ამერიკული სამხედრო ბაზების დაბომბვის შემდეგ კი, ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა: – “ყველაფერი კარგადაა”.

 

მარიამ იმერლიშვილი

 

 

 

 

იტვირთბა....