“ირანს არასდროს მოუგია ომი, მაგრამ არასდროს წაუგია მოლაპარაკებები”, – წერს აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ირანელი გენერლის, ყასემ სოლეიმანის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით.
უფრო ადრე კი, სოლეიმანის მკვლელობის შემდეგ, ტრამპმა სოციალურ ქსელში აშშ-ის დროშის სურათი გამოაქვეყნა.
შეგახსენებთ, ერაყში ირანელი გენერლის ლიკვიდაციის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ ირანის არმიის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სპეცდანაყოფის, „ქუდსის“ ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის წინააღმდეგ ოპერაცია ჩაატარა.
აშშ-ის უპილოტო საფრენმა აპარატმა ირანელი გენერლის ავტომობილი ბაღდადის აეროპორტის ტერიტორიაზე დაბომბა.
აღსანიშნავია, რომ ირანელ გენერალზე თავდასხმა ბაღდადში, აშშ-ის საელჩოში დემონსტრანტების შეჭრის შემდეგ მოხდა. პენტაგონში ამტკიცებენ, რომ საელჩოზე თავდასხმის ბრძანება სწორედ გენერალმა, ყასემ სოლეიმანიმ გასცა.
ირანის სულიერი ლიდერი აცხადებს, რომ ვისაც გენერლის სისხლში ხელები აქვს გასვრილი, მკაცრი შურისძიება ელოდება.