საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი გახარიამ მთავრობის 2019 წლის ბოლო სხდომაზე გასული წელი შეაჯამა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა შავი ზღვის უსაფრთხოებას, როგორც 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩენილ ახალ განზომილებას. გიორგი გახარიას შეფასებით, ეს საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა.
„ეს იყო უაღრესად მდიდარი წელი ერთობლივი ვარჯიშებით, რომლის რაოდენობაც იყო უპრეცენდენტო. ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ 2019 წელს ნატოსა და საქართველოს თანამშრომლობაში გაჩნდა ახალი განზომილება შავი ზღვის უსაფრთხოება, რომელიც საქართველოს აძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთი მიმართულებით გაუწიოს ნატოს უაღრესად მნიშვნელოვანი პარტნიორობა. ეს არის ჩვენი მისია, შავ ზღვაში ვიყოთ უსაფრთხოების გარანტები ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად. ასევე ხაზგასმით უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენს ძირითად სტრატეგიულ პარტნიორთან არასდროს გვქონია ასეთი ღრმა და ყოვლისმომცველი პარტნიორობა, რომელიც გვაქვს დღეს ჩვენ, რომელიც დაფიქსირდა 2019 წელს და რომელიც მოიცავს სრულად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან განზომილებებს, რომელიც არის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა ამერიკის შეერთებული შტატებთან, ეკონომიკის მიმართულებით ის პროგრესი რომელიც ჩვენ გვაქვს და რა თქმა უნდა ქვეყნის დემოკრატიზაციის მიმართულებით”, – განაცხადა პრემიერ მინისტრმა.