ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობა 21-ე საუკუნის სირცხვილია” – ოხანაშვილი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მისაღებია ნებისმიერი ცივილური, დემოკრატიული გამოხატვის ფორმა, რათა საერთაშორისო პარტნიორებს შეახსენონ, მაქსიმალურად მობილიზდნენ და გადადგან აქტიური ნაბიჯები ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო პატიმრობიდან გასათავისუფლებლად.

ამ კომენტარით ანრი ოხანაშვილი ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად 29 დეკემბერს დაგეგმილ სოლიდარობის აქციას გამოეხმაურა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა უკანონო პატიმრობაში მყოფი ექიმი გათავისუფლდეს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ასევე მოყვეს რეაგირება ასეთ უკანონო ქმედებებს. ეს არის ჩვენი ამოცანა. ამიტომ, ამ ფორმით, ცივილური, დემოკრატიული ფორმით აზრის გამოხატვა არის ნებისმიერი ფორმა, რომელიც ყველას შეახსენებს აღნიშნული უკანონობის შესახებ. ეს ადამიანი საკუთარი ქვეყნის ინტერესების გატარების სიმბოლოა და შესაბამისად, ის, რაც ხდება, არის 21-ე საუკუნის სირცხვილი, რასაც ექიმის უკანონო პატიმრობა ჰქვია“ ,- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა. გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ ერთი წლითა და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

იტვირთბა....