იტალიის დიდ ქალაქებში ომისა და ცხოვრების გაძვირების წინააღმდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
მედიის ცნობით, ტურინში, რომსა და ბოლონიაში ძალადობრივი ინციდენტები დაფიქსირდა. პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებები მოხდა, მილანში კი აქციები ძირითადად მშვიდობიანად წარიმართა.
ხელისუფლებამ უსაფრთხოების ზომები მნიშვნელოვნად გააძლიერა და პოლიციის დამატებითი ძალები განათავსა, რათა გასულ შაბათ-კვირას მომხდარი ძალადობა აღარ განმეორებულიყო.
შესაძლო დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ბევრმა მაღაზიამ მუშაობა დროებით შეწყვიტა.
როგორც „როიტერი“ წერს, სააგენტოს ჟურნალისტებს მაღაზიების ძარცვისა და ქონების ვანდალიზმის შემთხვევები არ შეუნიშნავთ.
გასულ შაბათ-კვირას გამართული აქციების დროს კი დემონსტრანტები პოლიციას დაუპირისპირდნენ, გაძარცვეს მაღაზიები და დააზიანეს ქონება.
იტალიის პოლიციის განცხადებით, დაკავებულია პირი, რომელსაც სავარაუდოდ კავშირი ჰქონდა „17 ოქტომბრის მოძრაობის“ ორგანიზებასთან. ეს მოძრაობა გასული შაბათ-კვირის საპროტესტო აქციებს უკავშირდება.
დაკავებული მილანში, პოლიციის შტაბში, დაკითხვის მიზნით გადაიყვანეს.

