საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული გამომძიებლის, მარიანა ჩოლოიანის ადვოკატებმა გაასაჩივრეს.
ჩოლოიანის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი აცხადებს, რომ უმკაცრესი აღმკვეთის ღონისძიების – პატიმრობის გამოყენების საფუძველი საქალაქო სასამართლოს არ ჰქონია.
“ქალბატონი მარიანა ჩოლოიანის მიმართ შეფარდებული უმკაცრესი აღმკვეთი ღონისძიების სახე – პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ იქნა გამოყენებული. დაცვის მხარემ კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში გაასაჩივრა. პირი დაკავებულ იქნა სასამართლო განჩინების გარეშე, ეს არის არსებითად მიუღებელი დემოკრატიული სახელმწიფოს ინსტიტუტისათვის,” – აღნიშნა ადვოკატმა.
მას შემდეგ, რაც განაცხადი მეორე ინსტანციაში გადაიგზავნება, სასამართლომ გადაწყვეტილება 72 საათის განმავლობაში უნდა მიიღოს. მარიანა ჩოლოიანს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორ ეპიზოდში წარედგინა, რაც მოხელის მიერ ჩვენების მიცემის იძულებას გულისხმობს. გამომძებელი მას შემდეგ დააკვეს, რაც საავადმყოფოში 15 წლის მოზარდი ლუკა სირაძე გარდაიცვალა. გამოძიებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აწარმოებს.
შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში გარდაიცვალა.