“პირველ რიგში, კითხვები მაქვს ხელისუფლებასთან, იყო თუ არა ყველა ფორმატი და ყველა შესაძლებლობა გამოყენებული იმისთვის, რომ მომხდარიყო ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება”,- ამის შესახებ პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც ბესელიამ აღნიშნა, ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ხელისუფლებამ ყველა ზომა გამოიყენა, რათა გაფრინდაშვილი პატიმრობაში არ დარჩენილიყო.
“გამაოგნებელი და შოკისმომგვრელია ეს განაჩენი. ეს არის ძალიან დიდი ბოროტება და ცინიზმი. მგონია, რომ აქ სიტყვებიც კი ზედმეტია. აბსოლუტურად წინააღმდეგობაში მოდის ყველაფერთან, საერთაშორისო სტანდარტთან, ადამიანის უფლებებთან, სამართლიან სასამართლოსთან . მაშინ, როდესაც ახალი წლის წინა დღეებში ოჯახი ელოდებოდა სახლში ვაჟა ექიმს, ჩვენ ვნახეთ საოკუპაციო რეჟიმის ასეთი აბსოლუტურად გამაოგნებელი განაჩენი. სრულიად უსამართლო და უკანონო. მე მგონია, რომ რაღაც ძალისხმევა ამ ყველაფერს დააკლდა და პირველ რიგში, კითხვები მაქვს ხელისუფლებასთან, იყო თუ არა ყველა ფორმატი და ყველა შესაძლებლობა გამოყენებული , რომ მომხდარიყო გათავისუფლება ვაჟა გაფრინდაშვილის, თუნდაც ის ფორმატი როგორიცაა ჟენევის ფორმატი, სადაც საერთაშორისო პარტნიორების მონაწილეობით ერთი საგანგებო შეხვედრა მარტო ამ თემაზე უნდა ყოფილიყო, რომ ყველა ძალისხმევა მიმართულიყო იქითკენ, რომ ეს განაჩენი არ დამდგარიყო. მე მესმის, რომ იმ უკანონო რეჟიმს არ აქვს ლოგიკა, არ აქვს სამართლიანობა და არ არის დაფუძნებული კანონს, მაგრამ არის კი ყველა ზომა ხელისუფლების მხრიდან იმისთვის, რომ ეს განაჩენი თავიდან აცილებულიყო, არ ვარ დარწმუნებული ამაში. ეს არის ძალიან მძიმე კითხვები, რომლებიც ჩნდება და უნდა მოვუსმინოთ ხელისუფლების ძალიან კონკრეტული განცხადებები რა პასუხი აქვს, რას აპირებენ, რა იქნება ამის გაგრძელება. რა ხდება შემდეგ, როდესაც სახეზე გვაქვს სრულიად უკანონო თავისუფლების აღკვეთა ადამიანისთვის, რომელსაც არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია”,- განაცხადა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავდა “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებდა. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ექიმის ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი. მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებებისა და პროტესტისა, ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.