ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ეს არის რუსეთის სახე, აპატიმრებს და შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს” – ხოშტარია

საოკუპაციო რეჟიმის მიერ ვაჟა გაფრინდაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს არის რუსეთის სასტიკი სახე, რომელიც ადამიანებს კლავს, აპატიმრებს და შეურაცხყოფს ჩვენს სახელმწიფოს

როგორც ხოშტარია აცხადებს, ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობა, რათა რუსეთზე ზეწოლა მოხდეს.

„ვაჟა ექიმმა ფაქტობრივად თავი გაწირა იმის გამო, რომ ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას პატივი სცეს მთელმა მსოფლიომ. ამ დროს, რას შვება ჩვენი ხელისუფლება? მთავარი კითხვა არის ეს. გარდა იმისა, რომ ამაზე ხმამაღლა არ ყვირის, მთელი მისი ენერგია მიდის ოპონენტების დევნაზე, ამერიკელების ლანძღვაზე. ახლა ჩვენი მთავარი საყრდენი ვაჟა ექიმის გამოხსნაში არიან ამერიკელები. “ქართულ ოცნებას” სკამზე მობღაუჭების გამო უტრიალდება ენა, რომ ამერიკელი კონგრესმენები და სენატორები გალანძღოს. ახლა მიდის სასამართლო პროცესები, სადაც კუხიანიძის გაპროტესტებაზე ასამართლებენ ადამიანებს. ყველაფერი შეტრიალებულია. არათუ, არ მუშაობს ხელისუფლება, ხელისუფლება ებრძვის იმ ადამიანებს, ვინც დგას ამ საერთო ღირებულების მხარეს. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, როგორც ქვეყნის შიგნით ხმამაღლა პროტესტი, რომ მთელმა მსოფლიომ დაინახოს, ასევე ქვეყნის გარეთ მუშაობა, რომ ზეწოლა მოხდეს რუსეთზე” – განაცხადა ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ საქმეს განიხილავდა “ლენინგორის რაიონის” (ახალგორი) დე ფაქტო სასამართლო, რომელიც სხდომებს ცხინვალში ატარებდა. წინა, დახურულ სხდომაზე, რომელიც 13 დეკემბერს ჩატარდა, დე ფაქტო მოსამართლე ფატიმა პარასტაევამ ვაჟა გაფრინდაშვილი ორთვიან წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

ექიმის ინტერესებს იცავდა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის დახმარებით მოწვეული ვლადიკავკაზელი ადვოკატი ვლადიმერ ფიდაროვი. მიუხედავად საერთაშორისო გამოხმაურებებისა და პროტესტისა, ოკუპანტებმა ვაჟა გაფრინდაშვილი პატიმრობაში დატოვეს და მას 1 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ცნობილი ექიმი-ტრავმატოლოგი ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს, ახალგორის რაიონში დააკავეს. ექიმის ოჯახი ვარაუდობს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილს ახალგორში დაშავებული ადამიანისთვის დახმარების გაწევა სურდა.

იტვირთბა....