ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

(ვიდეო) “რკინის სისტემა, რომელიც გვიბეტონებს ბავშვებს სახლში, ვერ კურნავს მათ და უშვებს ციხეში”

“ხომ გვქონდა სლოგანი – “სისტემა უნდა დაინგრეს”, ახლა ვიტყვი – “ამ სისტემის დედაც”, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ 15 წლის მოზარდის, ლუკა სირაძის გარდაცვალების საკითხზე საუბრისას გააკეთა.

როგორც “ტვ. პირველის” გადაცემაში “ღამის ამბები” დოლიძემ აღნიშნა, მანკიერი სისტემა, რომელიც 2012 წლამდე არსებობდა, “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში არ დანგრეულა.

“ფაქტია, რომ შემხებლობა გვაქვს იმასთან, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებდით 2012 წლამდე, რომ რეპრესიული სისტემა უნდა დაგვენგრია, ეს ვერ მოხერხდა და ეს სისტემა თავის თავს ინარჩუნებს… ამ ხელისუფლებამ ვერ მოახერხა, რომ განათლების სამინისტრო ყოფილიყო ორიენტირებული ადამიანზე, რომ როდესაც ნახავენ სტრესში მყოფ მოზარდს, პოლიციას კი არ გამოუძახონ, დაუძახონ სოციალურ მუშაკსა და ფსიქოლოგს. ეს უნდა იყოს განათლების სისტემა, რომელიც ორიენტირებულია ადამიანზე და არა მის დასჯაზე. ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ მოახერხა, რომ ყოფილიყო ორიენტირებული ადამიანზე. დღეს ჩვენ არ გვაქვს სუიციდის პირას მყოფი ადამიანებისთვის ცხელი ხაზი. ვითხოვთ ცხელ ხაზს. ჯანდაცვის სამინისტროს არ აინტერესებს, რომ ადამიანები, რომლებიც არიან სტრესში, ვერსად რეკავენ. რა გახდა ასეთი ცხელი ხაზი? არ არსებობს ბულინგის საწინააღმდეგო სტრატეგია. არ არსებობს მოქმედი სოციალური სამსახური, რომელიც ამ ბავშვს დააწყნარებდა. იმის მაგივრად, რომ მთლიანად ხელისუფლება იყოს ორიენტირებული ადამიანზე, მის მორჩენასა და შემობრუნებაზე, სისტემა ორიენტირებულია კვლავაც დასჯაზე. ამიტომ, სლოგანი ამ მოძრაობის არ უნდა იყოს – “ამ ცხოვრების დედაც”, სლოგანი ამ მოძრაობის უნდა იყოს – “ამ სისტემის დედაც”. ამ სისტემის დანგრევის პროცესი ჩვენ ნახევარ გზაზე მივატოვეთ 2012 წელს. გვეგონა, რომ ეს ვაჟბატონები დაანგრევდნენ, მაგრამ ისინი შესახლდნენ ამ შენობებში. ახლა გარწმუნებთ, მეორე რაუნდი ამ სისტემას დაანგრევს. ამ სისტემას ერქმევა ყველა იმ ადამიანის სახელი, რომელიც დაჩაგრა სისტემამ. მაკო გომური – 20-21 ივნისის შემდეგ, გიორგო გახარია დაისაჯა? – დაწინაურდა; ლაშა ბექაური – რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული პოსტის გამო, სად არის ის პოლიციელი, რომელიც მან ძალადობაში დაადანაშაულა? – დაისაჯა, არ დაისაჯა; ზვიად რატიანი – დაისაჯა ადამიანი, რომელმაც ის სცემა, – არ დაისაჯა; დემურ სტურუა – ამ სასამართლომ, რომლის წინააღმდეგაც ვიბრძვით ჩვენ, გაამართლა ადამიანი, რომელმაც ხელი შეუწყო ამ ადამიანის თვითმკვლელობამდე მიყვანას. მე მინდა გითხრათ სრულიად საგანგაშო სტატისტიკის შესახებ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სტატისტიკა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იცით როგორია? 2013 წელს 377 ასეთი შემთხვევა იყო დაფიქსირებული. შარშან უკვე დაფიქსირებული იყო, დაახლოებით, 1600 შემთხვევა. ანუ დაახლოებით 5-ჯერ გაიზარდა თვითმკვლელობამდე მიყვანის შემთხვევები. თვითონვე გვეუბნებიან, რომ ქვეყანაში არის ძალიან მძიმე სიტუაცია და ეს ბავშვი არის ამ სიტუაციის მსხვერპლი. ბავშვს, რომელსაც ჰქონდა გარკვეული პრობლემები – ფსიქოლოგს არ დაუძახა სკოლამ, სოციალური სამსახური არ იყო ჩართული, ცხელი ხაზი არ გვაქვს. იმის ნაცვლად, რომ განათლების სამინისტრო რეაბილიტაციაზე იყოს ორიენტირებული, ორიენტირებულია დასჯაზე… ეს არის მანკიერი და რკინის სისტემა, რომელიც გვიბეტონებს ბავშვებს სახლში, მერე ვერ კურნავს მათ და უშვებს მათ ციხეში. მაგ სისტემას მოვრჩებით”, – განაცხადა ანა დოლიძემ, რომელმაც ასევე შს სამინისტროსთან დაანონსებულ აქციაზეც ისაუბრა.

“ნაციონალების” სახეები არ დავინახო იქ. ახლა დავინახე აქციაზე აკაკი ბობოხიძე, როდესაც მან სცემა პირადად ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი, მე ვიყავი მისი ადვოკატი.  ხალხო, ნუ ეხმარებით მართლა ამ აქციებით ბიძინა ივანიშვილს. “სირცხვილია”, “გაბედეა”, “შეცვალეა”, ჩვენი ხმაა – გააკეთონ ამათმა თავისი საქმე, მაგრამ ადამიანი, რომელიც პირადად მონაწილეობდა, პირდად ეთერში სცემა ირაკლი იმნაიშვილი, ეს ადამიანი მიდის და არა ძალადობაო გაიძახის, ეს ნორმალურია? აკეთონ ეს საქმე ახალგაზრდებმა. “ნაციონალების” სახეები ნუ გამოჩნდებიან იქ, რადგან არ მიდის მერე ეს მიტინგები არსად. ეს არის ბიძინა ივანიშვილის საქმის კეთება. “სისტემის დედაც” – ეს არის ლუკა სირაძის სულისკვეთება და ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ ჩვენც”, – განაცხადა ანა დოლიძემ.

შეგახსენებთ, 15 წლის ბიჭი, რომელიც სავარაუდოდ, პოლიციის ზეწოლის გამო, მეცხრე სართულიდან გადმოხტა, გუშინ, საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აღნიშნულის შემდეგ, „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის გამომძიებელი მარიანა ჩოლოიანი დააკავეს.

იტვირთბა....