იაშვილის კლინიკაში მყოფი 15 წლის მოზარდის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი იმის გასაგებად, შეძლებს თუ არა პაციენტი მიღებული ტრამვის დაძლევას – ამის შესახებ ჟურნალისტებთან ქირურგმა, ზიონ ზიბლიმ განაცხადა.
15 წლის მოზარდს ტვინის შეშუპება დაეწყო, რის გამოც გუშინ საღამოს იაშვილის კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.
„ამჟამად ის კვლავ კრიტიკულ მდგომარეობაშია, მაგრამ მდგომარეობა სტაბილურია. მომდევნო 4-5 დღე იქნება გადამწყვეტი, რათა ვნახოთ, შეძლებს თუ არა ის მიღებული ტრავმის შედეგების დაძლევას. ახლა მას საავადმყოფოში შესაბამის სამედიცინო მკურნალობას უწევენ. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი სიცოცხლის გადასარჩენად“,- განაცხადა ისრაელიდან მოწვეულმა ქირურგმა ზიონ ზიბლიმ.
შეგახსენებთ, რომ “მთავარმა არხმა” გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, არასრულწლოვანმა ბიჭმა, პოლიციაში დაკითხვის შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა.
ტელეკომპანიის ცნობით, 15 წლის ბიჭს, რომელიც სამი საათის განმავლობაში მარტო ჰყავდათ გამოკეტილი, ხულიგნობის აღიარებას აიძულებდნენ. აღნიშნული დაკითხვის შემდეგ კი, მოზარდი მე-9 სართულიდან გადმოხტა.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ პოლიციელებმა არასრულწლოვანს აიძულეს, ეღიარებინა “მწვანე სკოლის” კედლებზე” უხამსი სიტყვების დაწერა და მისი ძმისთვის პრობლემების შექმნით ემუქრებოდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოძიება სსკ-ის 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.