ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს. სამწუხაროდ, მას ალბათ ემოციებმა სძლია” – მაია ცქიტიშვილი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი “ქართული ოცნების” თბილისის საკრებულოს წევრის ერეკლე კუხიანიძის სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს “პროვოკაციაში” ადანაშაულებს.

მინისტრის თქმით, ასეთი კრიტიკული მინიშნებები მიუღებელია, ექიმის ოჯახის წევრების განცხადებების მიუხედავად და როგორ თვითონ აღნიშნა, კუხიანიძის ამ განცხადებას ვერანაირად ვერ მიესალმება.

„ვერანაირად ვერ მივესალმები ერეკლე კუხიანიძის პოსტს. სამწუხაროდ, მას ალბათ ემოციებმა სძლია და ისეთი კომენტარი გააკეთა, რაც არ შეესაბამება არც სინამდვილეს და არ ასახავს რეალობას. აქედან გამომდინარე, უმჯობესია ემოციები ყველამ გვერდზე გადავდოთ და გავაძლიეროთ ძალისხმევა, რათა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს ოჯახს. მთლიანობაში მესმის, რომ ძალიან ემოციური ფონია, ყველასთვის ძალიან რთულია, რომ ჩვენი მოქალაქე უკვე 36 დღეა პატიმრობაში იმყოფება და კარგად მესმის, რომ ყველაზე მძიმე ეს ფაქტი არის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახისთვის. მიუხედავად იმისა, რა კომენტარებსაც არ უნდა ვისმენდეთ ოჯახის მხრიდან, რა თქმა უნდა, მიუღებელია რაიმე სახის ასეთი კრიტიკული მინიშნებები. უპრეცედენტო მხარდაჭერა აქვს ჩვენს ძალისხმევას საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან და იმედი გვაქვს, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი მალე დაუბრუნდება ოჯახს“, – აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საკრებულოს წევრი „ქართული ოცნებიდან“ ერეკლე კუხიანიძე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს პროვოკაციაში ადანაშაულებს და მათ „იდიოტებს“ უწოდებს. კუხიანიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ როდესაც ადამიანმა იცის, რომ ოკუპანტი დაიჭერს და მაინც მიდის სპეციალურად, ხოლო მისი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება, მისი შეფასებით, ეს ნიშნავს, რომ „იდიოტები ან პროვოკატორები არიან“.

„ძალიან სერიოზული მყრალი პროვოკაციის ოხშივარი ასდის ამ ამბავს! პირდაპირ გეუბნებით – როდესაც იცი, იქ ოკუპანტია და დაგიჭერს და მაინც სპეციალურად მიდიხარ… ისიც იცი, რომ შენი ქვეყანა მოკლებულია იმას, რომ ქმედითი წინააღმდეგობა გაუწიოს ოკუპანტს და ამის შემდეგ შენი ოჯახი სახელმწიფოს უპირისპირდება – ან მთელი ოჯახი იდიოტები ხართ, ან პროვოკატორები თქვენი დედაც“, – წერს ერეკლე კუხიანიძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

იტვირთბა....