ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად, 4 ადამიანი, მათ შორის, ორი დეპუტატი და აპარატის ორი თანამშრომელი დაშავდა.
დეპუტატის თქმით, აპარატის ერთი თანამშრომელი სასწრაფო დახმარების სამსახურის თანამშრომლებმა კლინიკაში გადაიყვანეს. დანარჩენ სამ დაშავებულს კი, დახმარება ადგილზე უტარდება.
„ესენი რა ტერორისტებიც იყვნენ თავის დროზე, იმ ტერორიზმს აგრძელებენ. ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სახე. შემოდიან, წამლავენ ადამიანებს იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ნორმალური საქციელია, ადამიანური და პოლიტიკური საქციელია?! ძალიან სამწუხაროა, რომ კიდევ ერთხელ გამოაჩინეს თაივის სახე და მოახერხეს და დააშავეს ადამიანები,“ – აცხადებს სოფიო კილაძე.
შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს.
ტექნიკური სხდომის გამოცხადების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა თქვა, რომ მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ევროპული საქართველოს” წევრს, ლელა ქებურიას, რომელიც უარყოფს ინციდენტში მონაწილეობას.
განცხადება გააკეთა “ევროპული საქართველოს” წევრმა, ირმა ნადირაშვილმაც. მისი თქმით, ინციდენტში მონაწილეობაზე პასუხისმგებლობას არ იღებს.
მომხდარის შემდეგ, განცხადება გაავრცელა “სირცხვილიამ”, რომელმაც მომხდარზე პასუხისმგებლობა აიღო.
ტელეკომპანია “იმედმა” კი, გაავრცელა ვიდეოკადრები, რომელშიც შესაძლოა, გაურკვეველი ნივთიერების გამოყენება იყოს ასახული.