“ევროპული საქართველოს” წევრი ლელა ქებურია, უარყოფს საპარლამენტო უმრავლესობის მიერ გამოთქმულ ბრალდებას, რომ ის ირმა ნადირაშვილთან ერთად, პარლამენტის სხდომათა დარბაზში შევიდა და იქ გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხა, რის შემდეგაც ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
როგორც ქებურიამ “მეტრონომს” უთხრა, პარლამენტიდან ტექნიკური შესვენების გამოცხადებამდე წამოვიდა.
“ქოცების მიერ ნათქვამი სიმართლის როდიდან გჯერათ. მე ვიყავი პარლამენტში და წამოვედი. ამ წუთებში ბავშვი გამომყავს სკოლიდან. მე რომ ვიყავი ტექნიკური შესვენება არ იყო გამოცხადებული. შევედი ცოტა ხნით, ნატო ჩხეიძეს დაველაპარაკე და გამოვედი”, – უთხრა ლელა ქებურიამ “მეტრონომს”.
შეგახსენებთ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ტექნიკური შესვენება მას შემდეგ გამოცხადდა, რაც “ქართული ოცნების” ლიდერებმა თქვეს, რომ სხდომათა დარბაზში ოპოზიციის წარმომადგენლებმა გაურკვეველი ტიპის ხსნარი დაასხეს.
“ორი დეპუტატი შემოვიდა სხდომათა დარბაზში – ოპოზიციის წარმომადგენლები და გარკვეული ნივთიერება შემოიატა აქ, დაასხა. ხვდებით, მიზანი რა არის. აქდანვე შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება”, – განაცხადა უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ ტექნიკური შესვენების გამოცხადებამდე.
ვიცე სპიკერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ტექნიკური შესვენების გამოცხადება უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე იყო აუცილებელი.
“პირველ რიგში, ჟურნალისტებს მინდა ვთხოვო, რომ დატოვონ დარბაზი, რამე რისკი არ შეიქმნას”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ინციდენტის შედეგად, დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი შეუძლოდ გახდა.
ტექნიკური სხდომის გამოცხადების შემდეგ, უმრავლესობის დეპუტატმა, ზაზა პაპუაშვილმა თქვა, რომ მძაფრი სუნი პარლამენტის სხდომათა დარბაზში მას შემდეგ დადგა, რაც დარბაზში ოპოზიციონერი დეპუტატები ლელა ქებურია და ირმა ნადირაშვილი შევიდნენ.
“მეტრონომი” დაუკავშირდა “ევროპული საქართველოს” დეპუტატ ირმა ნადირაშვილსაც, თუმცა მასთან კომუნიკაცია ვერ მოხერხდა.
მარიამ იმერლიშვილი