თბილისის აეროპორტში, “ევროპული საქართველოს” ლიდერებზე, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმის ფაქტს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. როგორც ირკვევა, გოკა გაბაშვილს ფეხი აქვს დაზიანებული. თავდამსხმელების მხრიდან აგრესიის მოტივი ჯერჯერობით დაუდგენელია. დაზარალებულები დაკითხვაზე დაიბარეს.
“გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილზე თავდასხმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში არის ივანიშვილის დამნაშავე და მხდალი რეჟიმის მცდელობა, ნებისმიერი უღირსი გზით შეაჩეროს ჩვენი წინააღმდეგობა. ქართული ოცნების მმართველობის მანძილზე ვნახეთ ციხეც, ტერორიც, სროლაც, ოფისების მტვრევაც, მოგზავნილი სპორტსმენებიც, უსამართლობაც და ლაჩრების ეს თავდასხმაც არ არის სიახლე. ზუსტად ვიცით, რომ რუსულ ბნელეთს ვებრძვით და ჩვენი ნებით ვაგრძელებთ წინააღმდეგობას, რომელიც არ შეჩერდება გამარჯვებამდე”. – აცხადებს “ევროპული საქართველოს” წევრი ნუგზარ წიკლაური.
“ევროპული საქართველოს” წევრის, სერგი კაპანაძის თქმით, დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ, რადგან ძალადობის ფაქტის წახალისება კარგი არ არის ქვეყნისთვის.
“ივანიშვილი ისე დაასრულებს როგორც დაასრულა ასლან აბაშიძემ” – განაცხადა კაპანაძემ.
თბილისის აეროპორტში უცნობი პირები თავს დაესხნენ “ევროპული საქართველოს” ლიდერებს, გიგი უგულავასა და გოკა გაბაშვილს. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეურაცხყოფას. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციამ სავარაუდო თავდამსხმელები უკვე დააკავა.
შსს-მ აღნიშნულ ფაქტზე განცხადება გააკეთა.