“სრულიად აშკარაა, რომ აქ მართლმსაჯულების განხორციელებაზე მეტად, პოლიტიკური ინტერესია. რა ისეთი სირთულის საქმე იყო ეს , რომ ამ 7 წლის განმავლობაში ვერ დასრულდა მისი გამოძიება და სასამართლო გადაწყვეტილების მიღება? თუ ფართო კონტექსტში შევხედავთ, რაც ხდება კონკრეტულად მელიას გარშემო და ხელისუფლების პოლიტიკის თაობაზე, ამ გადაწყვეტილების დრო და კონტექსტი რბილად რომ ვთქვათ, ძალიან ბევრ ეჭვს ბადებს, რომ ესაა პოლიტიკური გეგმის ნაწილად განხორციელებული მართლმსაჯულება”
დავით უსუფაშვილი – “შენების მოძრაობის” ლიდერი
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარე ნიკა მელია “ბანკი ქართუს” გაკოტრების საქმეზე სასამართლომ 25 000 ლარით დააჯარიმა. გარდა ამისა, ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს 2 წლითა და 3 თვით თანამდებობის დაკავების უფლება ჩამოერთვა.
ამავე საქმეზე, იუსტიციის ყოფილ მინისტრს, ზურაბ ადეიშვილს 5 წლითა და 3 თვით პატიმრობა შეეფარდა.
მელიასა და ადეიშვილს ბრალი 2013 წელს “ბანკი ქართუს” საქმეზე წაუყენეს. მათ სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებასა და თვალთმაქცური გარიგებით ქონების გადამალვაში დახმარებას ედავება.