საფეხბურთო კლუბ “ბარსელონას” ექიმი, რამონ კუგატი რამდენიმე საათის წინ, მის კოლეგასთან, მონსერატ გარსიასთან ერთად წერილს აქვეყნებს, სადაც ქართველ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს მხარს უჭერს.
“ამ მიმართვას ჩვენი ძვირფასი მეგობრისა და კოლეგის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის სახელით ვწერთ. ჩვენ მას იმ დროიდან ვიცნობთ, რაც ბარსელონაში ერთწლიანი სასტიპენდიო პროგრამის გასავლელად ჩამოვიდა. ჩვენთვის ის კეთილი, გულისხმიერი, პატიოსანი და სამართლიანი ექიმია, რომლის სურვილიც დაეხმაროს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს იმდენად დიდია, რომ თანაგრძნობასა და პატივისცემას იმსახურებს.
როგორც ჩვენ გავიგეთ ექიმი გაფრინდაშვილი ცხინვალის რეგიონში პოლიტიკური ინტერესებისა და პოლიტიკური დღის წესრიგის გამო არ წასულა. მისი ერთადერთი მიზანი ექიმის პროფესიით გახლდათ ნაკარნახევი და პაციენტის მონახულება იყო.
უფლებამოსილ პირებს მივმართავთ, რომ საკითხი სამართლიანად განსაჯონ და გთხოვთ, რომ ჩვენი კოლეგა რაც შეიძლება სწრაფად გაათავისუფლოთ, რათა მისი, მისი ოჯახის და მისი მეგობრების ტანჯვა დასრულდეს.
თუ არსებობს რაიმე, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ პროცესის დაჩქარებას მშვიდობიანი მეთოდით ხელი შევუწყოთ, გთხოვთ ყოველგვარი ყოყმანის გარეშე გვაცნობოთ. გარწმუნებთ, რომ იმ დროის განმავლობაში, რაც მას ვიცნობთ, იგი თავისი პაციენტებისა და ავადმყოფების მიმართ ყოველთვის თავდადებული იყო” – ნათქვამია ექიმების წერილში.
შგახსენებთ, რომ ახალგორის რაიონში დაკავებულ ქართველ ექიმს ვაჟა გაფრინდაშვილის, 15 ნოემბერს, ახალგორის ე.წ.სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე პაციენტის სანახავად მიდიოდა.