„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რეზო არველაძემ განაცხადა, შეხვედრაზე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები, ასევე საპარლამენტო თანამდებობების საკითხები განიხილება.
„გამოდის ის კი არა, რომ კურდღელი ხარ და გეშინია რაღაცის, უბრალოდ ასუსტებ იმ გუნდს, რომელმაც შენ მოგიყვანა. დანაპირები იმიტომ ვერ შესრულდა, რომ 93-მა დეპუტატმა მოვაწერეთ ხელი ინიციატივას, რასაც ჰქვია საარჩევნო სისტემის შეცვლა, 93-დან 35-მა უკან წაიღო თავის სიტყვა. მიმაჩნია, რომ როდესაც რაღაცას ხელს აწერ, რამდენიმე წლის წინ იყო ისეთი ამბავი, რომ ვიღაცამ მაღალი თანამდებობის პირმა თქვა, არ წამიკითხავს ისე მოვაწერე ხელიო, სასაცილოც აღარ არის, სატირალია. წინასწარ უნდა გაიაზრო რაზე აწერს ხელს, მერე ეს თამაში რომ სამშობლოსთვის ძალიან გულანთებული ვარ და ასე სჯობს მგონი უკვე აღარაფერს ამართლებს. ვფიქრობ, რომ რაღაც გზა გამოინახება“, – განაცხადა არველაძემ.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ლადო კახაძემ აღნიშნა, შეხვედრაზე განიხილება მიმდინარე საკითხები.
„მოსახლეობა ჩვენგან ელოდება კონკრეტულ წინადადებებს. არსებული წლის დამთავრებას და მომავალი საბიუჯეტო წლის გამართულად შეხვედრას. ჩვენ გველოდება 2020 წლის არჩევნები. როგორ ჩატარდება ეს კითხვები დაისვა. რიგგარეშე არჩევნებსაც თავის წესი აქვს, რიგგარეშე არჩევნებისთვისაც მომზადებაა საჭირო. ჩვენ ხომ ვართ ცივილიზებული, კონსტიტუციური ქვეყანა. კრიზისი თუ არის კრიზისი უნდა დასაბუთდეს. ასეთი ადვილი არ არის. ვფიქრობ, კონსტიტუციურ ქვეყანაში, ისეთ ქვეყანაში, როგორიც ჩვენ ვართ, ასეთი რეალობები არის გათვალისწინებული და აქედან გამოსავალს ისევ კონსტიტუცია იძლევა. მთავარია, რომ ფორიაქში არ ვიყოთ. მოდით, მუშაობის საშუალება მივცეთ მმართველ ძალას და ის აუცილებლად გამოსავალს იპოვის“, – განაცხადა ლადო კახაძემ.
„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს. შენობასთან აქციას „ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია თანამოაზრეებთან ერთად მართავს.