ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მანდატის დატოვებასთან დაკავშირებით ძიძიგური განცხადებას ავრცელებს

“კონსერვატიული პარტიის“ ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა პრესკონფერენციაზე, სადაც უმრავლესობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება გააჟღეა, განაცხადა, რომ „კონსერვატორები“ არ აპირებენ დარჩნენ იქ, სადაც პოლიტიკური და მორალური თვალსაზრისით გაუმართლებელ გადაწყვეტილებებს იღებენ.

„მე, ზვიად ძიძიგურმა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა და ამავე დროს „კონსერვატიული ფრაქციის“ წევრმა მივიღე გადაწყვეტილება უმრავლესობის რიგების დატოვების და თანამდებობის დატოვების შესახებ და ეს გადაწყვეტილება განაპირობა გუშინდელმა საკონსტიტუციო ცვლილების ჩავარდნამ. ჩვენ რამდენიმე თვის განმავლობაში ვარწმუნებდით საზოგადოებას, ყველა პოლიტიკურ მოთამაშესაც, რომ ჩვენ ასეთი ტიპის ცვლილება განვახორციელეთ. ჩვენი იმედი გვქონდა, რომ ის აუტანელი პოლიტიკური გარემო, რომელშიც საქართველო ბოლო 8 წელია იმყოფება, შეიცვლებოდა პოლიტიკური ცვლილებით, დივერსიფიკაცია მოხდებოდა პოლიტიკურ მინდორზე, ყველა პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა შესაძლებლობა, მომხდარიყო მრავალფეროვნების წარმოშობა. ეს ყველაფერი გუშინ ჩაფლავდა. იმათ გასაგონად მინდა ვთქვა, ვინც შეიძლება თქვას, რომ ჩვენ გუნდი მივატოვეთ მაშინ, როცა გუნდს ვჭირდებოდით – ბოდიში თქვენთან ყველასთან, ჩვენ ასეთი გადაწყვეტილება ჩვენით არ მიგვიღია. ეს გადაწყვეტილება მიგვაღებინა იმ 40-მა დეპუტატმა, რომლებმაც გადაწყვიტეს მხარი არ დაეჭირათ საკონსტიტუიციო ცვლილებისთვის. ჩვენ, „კონსერვატორებს“ არც ერთხელ არ გვიღალატია გუნდური თამაშის პრინციპისთვის, არასოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად დავზარალებულვართ პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა ძიძიგურმა და დასძინა, რომ „რა გადაწყვეტილებას მივიღებთ საბოლოოდ, ამაზე პარტიის კომიტეტი ყრილობაზე იმსჯელებს“.

ამასთან, როგორც ძიძიგურმა აღნიშნა, უმრავლესობის დატოვების შესახებ წინასწარ არავისთვის უცნობებია.

რაც შეეხება დეპუტატის მანდატის დატოვებას, ძიძიგურმა განაცხადა, რომ ამას არ აპირებს.

„მანდატი რატომ უნდა დავტოვო? პოლიტიკურ სარბიელზე თუ აპირებ დარჩენას, მანდატის დატოვებაზე უფრო დიდი სისულელე არაფერია“, – განაცხადა ძიძიგურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 14 ნოემბერს პარლამენტმა კანონპროექტი 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ ჩააგდო.

საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივას მხარი 101-მა დეპუტატმა დაუჭირა, 3 კი წინააღმდეგ წავიდა.

უმრავლესობა რამოდენიმე დეპუტატმა დატოვა. 

პოლიტიკური თანამდებობები დატოვა 12 დეპუტატმა: თამარ ჩუგოშვილმა, დიმიტრი ცქიტიშვილმა, გიორგი მოსიძემ, სოფიო ქაცარავამ, თამარ ხულორდავამ, ირინა ფრუიძემ, ზაზა ხუციშვილიმ, გიორგი ბეგაძემ, მარიამ ჯაშმა, ზვიად ძიძიგურმა, ნინო გოგუაძემ და გიგა ბუკიამ დატოვეს.

იტვირთბა....