ეს მთავრობა კიდევ უარესი ყოფილა, ვიდრე წარმომედგინა – ასე ეხმაურება პროპორციული წესით არჩევნების ჩავარდნის საკითხს, პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, “მეტრონომთან” საუბრისას.
მისი თქმით, ივანიშვილისთვის ეს არის ისეთი ზიანი, რომელიც მას ცხოვრებაში არ მიუღია.
“თავისუფალი კენჭისყრა გამოცხადდა თუ არა უკვე გასაგები იყო ყველაფერი. მე ოპტიმისტი ვიყავი და არ მეგონა, რომ კანონპროექტს ჩააგდებდნენ და ასეთ უხეშ გადაგდებაზე არ წავიდონენ. სამწუხაროდ, ასეთი პოლიტიკური ელიტა გვყავს. მათ სიტყვას არანაირი ფასი არ აქვს. მათთვის ჩვეულებრივია გადაგდებით თემა. შესაბამისად ბიძინა ივანიშვილისთვის ეს არის ისეთი ზიანი, რომელიც მას ცხოვრებაში არ მიუღია. მისთვის სიტყვას მნიშნელობა ქონდა, და ეხლა ორი ვარიანტია: ან მას ისე ეშინია ძალაუფლების დაკარგვის რომ თავის სიტყვა ალოკა, ან მეორე ვარიანტი, რომ მისმა გუნდმა ფეხებზე დაიკიდა, მის ავტოტიტეტს მიაფურთხა და გააკეთა ის, რისი გაკეთებაც უნდოდა. კიდევ უარესები ყოფილან ვიდრე წარმომედგინა” – განაცხადა გია ხუხაშვილმა “მეტრონომთან”.
პოლიტოლოგმა გია ხუხაშვილმა, ასევე ისაუბრა ოპოზიციის სამომავლო გეგმებზე.
როგორც მან განაცხადა, აქციებს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება.
“მე არ მგონია რომ აქციები არის რამის მომცემი, ფაქტია, რომ პოლიტიკურმა ძალამ, რომელიც არის ხელისუფლებაში, გადააგდო საზოგადოება და დაარღვია პირობა. შესაბამისად, ვერდიქტი უნდა გამოვიდეს არჩევნების გზით. აქციებით და კუნთებზე ყურებით არამგონი რამე შეიცვალოს და შედეგი გამოიღოს. ოპოზიციამ უნდა მოუგოს საპარლამენტო არჩევნები მთავრობას. თუ ამ მთავრობას ვერ უგებ არჩვნებში, მაშინ რაღ გინდა პოლიტიკაში” – განაცხადა გია ხუხაშვილმა ჩვენთან საუბარში.
მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სამოქალაქო აქტივისტები საპროტესტო ტალღისთვის ემზადებიან, რომ არ მოხდეს შერეული საარჩევნო სისტემის დატოვება.
შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ, უმრავლესობის დეპუტატების ინიციატივით, მოხდა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ინიციატივაზე ხელმოწერა. თუმცა დღეს გარკვეული დეპუტატები ისევ შერეულ სისტემაზე დარჩენას მოითხოვენ.
აქვე შეგახსენებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით დიმიტრი ხუნდაძე, ირაკლი შიოლაშვილი და რამდენიმე მათი თანამოაზრე უმრავლესობიდან, ივანიშვილს შეხვდნენ, სადაც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული საკითხები იქნა განხილული. მათი თქმით, კონსესუსი ვერ შედგა.
თავის მხრივ ივანიშვილი აცხადებდა, რომ დიმიტრი ხუნდაძე, რომელიც დღეს, ამ ახალი ინიციატივის ერთ-ერთი ავტორია, მისი ფავორიტი მებრძოლია.
კანონპროექტი ჩავარდა, შესაბამისად 2020 წელს პროპორციული სიტემით არჩევნები აღარ ჩატარდება.