“უნდა დაველოდოთ შეწყალების შესახებ ახალ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით”, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დეკანოზ გიორგი მამალაძის ოჯახთან კონსულტაციები არ ჰქონია.
„შეწყალებას რაც ეხება, ერთი, გამოვედი ინიციატივით, რომ კონსულტაციები ჩატარებულიყო. ჩატარდა კონსულტაციები, გითხარით, რომ ვამზადებ ახალ ბრძანებულებას, რომელიც ახლო მომავალში გამოვა, ახალი წესებით. გასაგებია ისიც, რომ სანამ წესები არ არის, რომელიმე შეწყალებაზე ფიქრი და განხილვა რთულია. ამიტომ, უნდა დაველოდოთ წესებს, ბრძანებულებას, რომელიც როგორც კი გამოვა, ხელს მოვაწერ და თქვენც გაეცნობით. შემდეგ შევუდგებით იმ საკითხს, რასაც ჰქვია შეწყალება. აქაც ცოტა არ იყოს, მიკვირს, რატომ არის მხოლოდ და მხოლოდ ინტერესი ერთ ადამიანზე. ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ახალგაზრდები ელოდებიან, რა იქნება ამ კუთხით. მემგონი, არ არის სამართლიანი, მხოლოდ ერთით იყოთ ასე დაინტერესებული. როცა იქნება აღნიშნული წესები, გეტყვით და გაეცნობით“, – გნაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
შეგახსენებთ, 31 ოქტომბერს, წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღესა გადაწყვეტილება, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს გათავისუფლების შესახებ პრეზიდენტთან უშუამდგომლებს, თუმცა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ შეწყალების საქმეების განხილვა ჯერ არ განახლებულა.