ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მთელი ეს პროცესი, მიუხედავად მისი სირთულისა, არის ცალსახად დადებითი ამბავი”

დღეს, წმინდა სინოდის სხდომაზე განვითარებული მოვლენების შემდეგ, სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა “რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ზურაბიშვილმა:

“ის, რაც დღეს ხდება საპატრიარქოს თავს, არის არა რელიგიის, ქრისტიანობის, მართლმადიდებლობის თუ ზოგადად ეკლესიის დისკრედიტაცია, არამედ ქვაბ-ავაზაკთა იმ კრებულის ლუსტრაცია, რომელთაც ანაფორა ჩაიცვეს, წვერი მოუშვეს, ჯვარი ჩამოიკიდეს და მას მერე გვმოძღვრავენ, რომ შარვლიანი დედაკაცი სძაგს უფალსა, ლედ ზეპელინის სმენა სატანიზმის თაყვანისცემაა, “ჰარი პოტერი” შავი მაგიის სახელმძღვანელოა, ამერიკამ შემოგვისია იაღოვლები, იაპონია ცოდვების გამო ისჯება ცუნამით, თვითმმართველობა და დეცენტრალიზაცია არის საქართველოს დაქცევა, სტალინი იყო ეკლესიის ჭეშმარიტი მოამაგე და თუმცა ქართველი გეიები არ არსებობენ, საცა კი დაინახავ მაგ არარსებულებს, ყველას ტაბურეტკა უნდა ხიო თავში.

ბუნებრივია აქ ყველა სასულიერო პირს არ ვგულისხმობ. მათ შორის არაერთი ღირსეული ადამიანია, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი ხმა ფაქტობრივად ჩაკარგულია პრეტენზიული უვიცობის, კაცთმოძულეობის და სიყალბის იმ ნიაღვარში, რომელიც კარგა ხანია რაც ამბიონებიდან მოედინება და ბევრი არაფერი მგონია იმაზე უმართებულო და დიდი ანგარიშით საზიანო ჩვენი საზოგადოებისთვის, ვიდრე ამ ღრმად დაავადებული ინსტიტუციის მაღალი რეიტინგი.

და დღეს, ამ ინსტიტუციის (არა რელიგიის და აღმსარებლობის, არამედ ინსტიტუციის) დემითოლოგიზაცია, დესაკრალიზაცია და ერთგვარი დამიწება, ყველას გვაიძულებს თვალი გავუსწოროთ სიმართლეს, დავინახოთ რეალური სურათი და არა რომანტიზირებული იდეალი. ამიტომ მთელი ეს პროცესი, მიუხედავად მისი სირთულისა, დრამატიზმისა და მტკივნეულობისა, არის ცალსახად დადებითი ამბავი. ილუზიებისგან განხიბლვა არის პროგრესის წინაპირობა და მე მჯერა, რომ კიდევ მოვესწრები იმ დროს, როცა სასულიერო პირის დანახვაზე მოქნეული ჯვარკომბალის შხუილი კი არ ჩამესმება, არამედ მოკრძალების ის განცდა მექნება, რასაც სასულიერო პირი უნდა აღძრავდეს.” – წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს, საპატრიარქოში12:00 საათზე წმინდა სინოდის სხდომა გაიმართა.

მეუფე პეტრე მღვდელმსახურებიდან გადააყენეს.

როგორც მეუფე პეტრემ განაცხადა, სინოდი სრული შემადგენლობით უშუამდგომლებს დეკანოზ მამალაძის შეწყალებას პრეზიდენტთან.

მეუფე პეტრეს განცხადებით, მისი განყენების მიზეზი ეკლესიაში მამათმავლობის მხილება იყო.

გთავაზობთ მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადებების ვიდეოსა  და სინოდის სხდომის პირველ კადრებს.
იტვირთბა....