ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“მე პირადად დავინახე, გადმოსული იყო რამდენიმე ცხენოსანი” – ატოცის მკვიდრი “მეტრონომთან” საუბრობს

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში, წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ამის შესახებ “მეტრონომს” განუცხადა ატოცის მკვიდრმა, კარლო გოგიჩაშვილმა, რომელიც აღნიშნული ფაქტის მხილველი თავად გახდა.

“მე პირადად დავინახე, ღამის პირველი საათიდან, დაახლოებით, ერთი საათის განმავლობაში, დასახლებული პუნქტიდან 300 მეტრის დაშორებით, საოკუპაციო ხაზიდან ნახევარ კილომეტრში ჰქონდა ადგილი რუსების გაადგილებას. გადმოსული იყო რამდენიმე ცხენოსანი. მათ ჩვენ ტერიტორიაზე, დაახლოებით, ერთი საათი დაყვეს. ეს არამარტო მე დავინახე, ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, ვკითხე სხვა ადგილობრივებსაც. ისინიც ადასტურებენ, რომ ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ ადგილებში, საიდანაც ხელისგულივით ჩანს ის ადგილი, სადაც ისინი გაადგილდებოდნენ. რადგან ღამე იყო, ჩვენთვის შეუძლებელი იყო, გაგვერჩია, იყვნენ თუ არა ისინი შეიარაღებულები. ჩვენი მხედველობის არეში ისინი ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ”, – უთხრა “მეტრონომს” კარლო გოგიჩაშვილმა.

სოფელ ატოცში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადმოსვლის შესახებ “მეტრონომს” ადგლობრივებზე დაყრდნობით ინფორმაცია მიაწოდა “ძალა ერთობაშიას” წარმომადგენელმა, ლაშა ბერულავამაც.

ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს 29 ოქტომბრის საღამოს შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში არ უშვებენ. ლაშა ბერულავა ანტისაოკუპაციო ძალების წარმომადგენლების გადაადგილების შეზღუდვას სწორედ ატოცში განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

მარიამ იმერლიშვილი

იტვირთბა....