ანტისაოკუპაციო მოძრაობის “ძალა ერთობაშიას” წევრებს 29 ოქტომბრის საღამოს შემდეგ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში არ უშვებენ. როგორც მოძრაობის წევრმა, ლაშა ბერულავამ “მეტრონომს” განუცხადა, აქტივისტებს სოფელ შაქშაქეთის იქით გადადგილება შეზღუდული აქვთ.
ბერულავას თქმით, ატოცში მცხოვრებლებისგან აქვს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც წუხელ, გვიან ღამით საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები სოფელში გადმოვიდნენ. მისი ვარაუდით, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრების ატოცში არშეშვებაც სწორედ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება.
“ჩვენ – სამოქალაქო აქტივისტბს “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” წევრებს შეგვეხო შეზღუდვა. ის სახლი, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით ატოცში, პატრულირების პერიოდში 11 თვე და რომელიც დაგვითმო ადგილობრივმა სრულიად უსასყიდლოდ, ცარიელია ამჟამად. ჩვენ არ გვეძლევა საშუალება გავიაროთ შაქშაქეთის პოლიციის საგუშაგო, საიდანაც ატოცამდე 15 კილომეტრია. ჩვენ გუშინაც შეგვეძლო და დღესაც შეგვიძლია არ დავემორჩილოთ ამ უკანონო გადაწყვეტილებას და შემოვლითი გზებით, რაღაც საფეხმავლო ბილიკებით მივიდეთ ატოცამდე, მაგრამ რა საკვირველია, ამ შემთხვევაში ვხელმძღვანელობთ იმით, რომ არ მივცეთ პროვოკაციის საშუალება მათ, ვინც წუხელ გვიან ღამით, დაახლოებით 2:00 საათისთვის ატოცში გადაადგილდებოდნენ – საოკუპაციო ზოლიდან საკმაოდ მოშორებით. სოფლის ბოლოში იყვნენ ჩამოსული, საოკუპაციო ზოლიდან სოფლის ბოლომდე არის დაახლოებით, ერთი კილომეტრი. იყო ათამდე შეიარაღებული პირი და პოლიციამ მათ ხელი ვერ შეუშალა.
ის, რომ ჩვენ არ გვიშვებენ ატოცში, შესაძლოა, უსაფრთხოების ეს ზომა საფუძველს მოკლებული არ იყოს იმდენად, რამდენადაც სამოქალაქო აქტივისტი ატოცში უფრო იქნება ოკუპანტის სამიზნე, ვიდრე ადგილობრივი მცხოვრები. ეს ძალიან კარგად გვესმის, მაგრამ აქ სხვა რამეშია საქმე. წინა ღამით არ იყო შეზღუდვა, დღე არ იყო შეზღუდვა და უცებ საღამოს თბილისიდან წასული ჯგუფი უნდა შესულიყო სახლში და ღამე უნდა გაეთია, არ გაუშვეს. ჩვენ ღამე არ გავდივართ ხოლმე პატრულირებაზე, პატრულირებას ვიწყებთ ხოლმე პოლიციასთან შეთანხმებით დილით. პოლიცია არის უძლური ოკიპანტების გადაადგილების შესაჩერებლად. იმ ლოგიკით, რომ ომს ხომ არ დავუწყებ და ხომ არ ვესვრი, ოკუპანტებს შეუძლიათ ჩამოვიდნენ გორამდე, ხომ ვერ ესვრიან? ავტობანი გადაკეტონ, ვერ ესვრიან ხო?” – უთხრა “მეტრონომს” ლაშა ბერულავამ.
შეგახსენებთ, რომ თავდაპირველად, ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებს, დავით ქაცარავასა და ლაშა ბერულავას ატოცში, საოკუპაციო ზონისკენ არ უშვებდნენ.
19 ოქტომბერს, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში შეიარაღებულმა პირებმა ლითონის ბადეები მიიტნეს.
მარიამ იმერლიშვილი