ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“იაკობმა იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ”

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსის, ბოდბელი ეპისკოპოსის დღევანდელ სკანდალურ განცხადებას დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

თორნიკე მამალაძის თქმით, მეუფე იაკობის ამგვარი განცხადებების მოტივი არის ის, რომ ბოდბელი ეპისკოპოსი მარტო დარჩა.

“იაკობი, რომელიც ხელისუფლებამ გამოიყენა ჩემი ძმის საქმეში და შემდეგ საცვალივით გადააგდო, ბოღმას ვერაფერს უხერხებს. სიმთვრალე გამბედაობას აძლევს ერთმანეთში არეული ტყუილ-მართალი იპრუტუნოს და მის ყოფილ პატრონ ოლიგარქს დედაც კი აგინოს პირდაპირ ეთერში. მისი ამ საქციელის მთავარი მოტივი კი, შემდეგია: ის ხვდება, რომ მარტო დარჩა, ყველამ დაიკიდა და რასაც დაპირდნენ რა თქმა უნდა მოატყუეს. ამასთან, ძალიან კარგად იცის, რომ ერთ დღესაც რაღაც ძალიან ცუდს უზამენ. მან ხომ ბევრი იცის ყველა ამ დანაშაულის და დამნაშავეების შესახებ. ამის ძალიან ეშინია. დააკვირდით რამდენჯერ თქვა, ჩემს წინააღმდეგ თუ რამეს დაიწყებენო… ხო და ერთადერთი რაც დარჩენია არის ის, რომ პატრიარქს შეუქმნას განცდა, რომ მხოლოდ მას შეუძლია დაიცვას მკვლელობის თუ ტახტიდან ჩამოგდების საფრთხისგან და ამით პატრიარქის სრული მხარდაჭერა მოიპოვოს. სხვათაშორის უჭკუო ტაქტიკა არ არის მისი მხრიდან, ვინაიდან ილია მეორეს ძალიან, ძალიან სჯერა მის წინააღმდეგ არსებული შეთქმულების თეორიების. თუმცა იაკობი ვერ აცნობიერებს ერთ უტყუარ ფაქტს, რომ პატრიარქის მხარდაჭერა აღარაფერს ნიშნავს, ვინაიდან დღეს უკვე მის მაგივრად გადაწყვეტილებებს სხვები იღებენ”, – წერს თორნიკე მამალაძე “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა “ტვ პირველთან” საუბრისას განაცხადა, რომ პატრიარქის გადაყენებასთან დაკავშირებით “ეჩალიჩებოდნენ”, აღნიშნულ საკითხზე კი, შეხვედრა მაშინდელი პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის კაბინეტში შედგა.

იტვირთბა....