ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“ე.წ. რეჟიმის პროვოკაციას არ უნდა ავყვეთ” – თამარ ხულორდავა

საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, თამარ ხულორდავამ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ხულორდავამ განმარტა ქართული მხარე ასეთ პროვოკაციას არ უნდა აყვეს.

„ვისურვებდი, მასზე კომენტირებაც არ მიწევდეს. მესმის, რომ ჩვენს საზოგადოებაში ამ თემის მიმართ ინტერესი ყოველთვის იქნება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე, საოკუპაციო ხაზზე მარტივი ვითარება არ არის. პირდაპირ უნდა ითქვას, რომ რთული ვითარებაა, რასაც დამოკიდებულება ძალიან დიდი სიფრთხილით სჭირდება, როგორც პოლიტიკოსების, ასევე საზოგადოების მხრიდან. ამგვარ პროვოკაციებს არ უნდა ავყვეთ. ჩემთვის ეს განცხადება პროვოკაციულია“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

მისივე თქმით, საქართველოს ხელისუფლების მიზანია სიმშვიდისა და სტაბილურობის შენარჩუნება.

„ეს იქნება საქართველოს ხელისუფლების მხრიდან კონტროლირებადი მხარე, თუ ის მხარე, რომელსაც სამწუხაროდ, არ ვაკონტროლებთ. უმნიშვნელოვანესია ის მუშაობა, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ და ხელისუფლება ყველა მიმართულებით ატარებს. პირველ რიგში, ეს შეეხება და უნდა ეხებოდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების დაშვებას, რადგან ასეთი პროვოკაციული განცხადებებისა და ნაბიჯების მსხვერპლი ადამიანები ხდებიან და მათი უფლებების დაცვა ჩვენი უპირველესი ამოცანა უნდა იყოს“, – განაცხადა თამარ ხულორდავამ.

შეგახსენებთ, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს ძალოვანი სტრუქტურები ე.წ. საზღვრის მონაკვეთზე მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებენ. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, “მეტრონომთან” საუბარში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის განცხადებას ეხმაურება.

 

იტვირთბა....