საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში მიიტანა.
როგორც ხაზარაძემ, წერილის დედნის ჩაბარების შემდეგ, მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, როგორც კი, წერილთან დაკავშირებით დაიწყება გამოძიება, დასახელდება შუამავალი, რომლის ხელითაც მან აღნიშნული წერილი მიიღო.
“მინდა საზოგადოებას მოვახსენო, რომ როგორც დავპირდი პარლამენტში, როცა ეს განცხადება გავაკეთე ჩემზე და ბადრი ჯაფარიძეზე ორკესტრირებული შეტევის შესახებ, ერთ-ერთი ფრაგმენტი იყო წერილი, რომელიც მივიღეთ იმდროინდელი მინისტრი გახარიასგან – მუქარის წერილი. ექსპერტიზა ამ წერილის ლონდონში დამთავრდა. დღეს, როგორც დავპირდი საზოგადოებას, წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის დიდი იმედი, რა თქმა უნდა, არ მაქვს, თუმცა ვფიქრობ, რომ ყველა ადამიანმა საქართველოში უნდა გააკეთოს მსგავსი ნაბიჯი იმისთვის, რომ ეს ქვეყანა გავწმინდოთ ტყუილისგან… გიდასტურებთ, რომ ჩვენ წერილი მივიღეთ გახარიასგან. ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, ვის მიერ არის ეს დაწერილი. ამას, იმედია, ერთი წელი დარჩა ამ პროკურატურას, რომლის შენობის დემონტაჟს გავაკეთებთ აუცილებლად ერთი წლის მერე თავის შემადგენლობიანად, რათა საქართველოში დამყარდეს წესიერი მართლმსაჯულება. დაველოდოთ გამოძიებას… მე დავიცავ, მათგან განსხვავებით, უდანაშაულობის პრეზუმფციას. მივენდოთ ე.წ. გამოძიებას, რომლის იმედიც ჩვენ არ გვაქვს. ორი საკითხი იყო – ერთი – სად არის დედანი, მეორე – ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როგორც კი დაიწყება გამოძიება – შუამავალიც დასახელდება”, – უთხრა ჟურნალისტებს მამუკა ხაზარაძემ.
შეგახსენებთ, რომ ხაზარაძემ “მუქარის წერილის” შესახებ საპარლამენტო მოსმენისას განაცხადა. მისი მტკიცებით, წერილი გიორგი გახარიასგან მიიღო.