“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს და მოქმედ გენერალურ პროკურორს, შალვა თადუმაძეს, იურიდიულიკომიტეტის სხდომაზე მწვავე კითხვები დაუსვა.
„გავიგეთ, რომ არ გაგიმართლათ და ასეთ საოცარ უნივერსიტეტში სწავლობდით, რომელიც თვითონვე აყალბებდა თავისივე დოკუმენტებს, თქვენ კი არა ის,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
მან ასევე სამი კურსელის დასახელება სთხოვა შალვა თადუმაძეს, მოგვიანებით კი 3 ლექტორის. ორივე შემთხვევაში შალვა თადუმაძემ განაცხადა, რომ 10 სახელის და გვარის დასახელება შეუძლია, თუმცა, მათგან ამის ნებართვა არ აუღია და ვერ დაასახელებს.
„შალვა თადუმაძის კურსელობა გამამტყუნებელი განაჩენია? კურსელების დასახელება ყოფილა მათი შეურაცხყოფა, ამხელა საზოგადოებრივი ინტერესია და გსურთ, კითხვები მოიხსნას და სამ კურსელს ვერ პოულობთ, რომ საზოგადოებას უთხრათ, გამოვიდოდნენ და იტყოდნენ, რომ ერთად სწავლობდით,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
გიგა ბოკერია ასევე დაინტერესდა, შალვა თადუმაძეს მისი დიპლომის ინგლისური ტექსტი თუ აქვს წაკითხული და განაცხადა, რომ 20 სიტყვაში 10 შეცდომაა დაშვებული.
„ეს თქვენი სასწავლო ბიოგრაფია ოსტაპ ბენდერის ბიოგრაფიასავით იდუმალებით არის მოცული. იმ სამოქალაქო ჯგუფებმა, ვინც ამ ინფორმაციის მოპოვებით იყვნენ დაინტერესებულნი, ჯერ მიმართეს მთავრობის ადმინისტრაციას და იცით რა პასუხი მიიღეს? – პერსონალური მონაცემებია და ვერ მოგცემთო. მერე მიმართეს გენერალურ პროკურატურას და იცით რა პასუხი მიიღეს? პროკურატურა არ მონაწილეობს გენერალური პროკურორის შერჩევაშიო, ამიტომ არ მოგცემთ მის დიპლომსო, მერე მიმართეს იუსიტიციის სამინისტროს, რომელმაც საერთოდ არ გასცა პასუხი, ადვოკატთა ასოციაციამ უთხრა, ჩვენთან ძველი დოკუმენტები ნადგურდება და იმიტომ არ გვაქვსო,“- განაცხადა გიგა ბოკერიამ.
შალვა თადუმაძის თქმით, კი ბოკერია არასწორ და ინტერპრეტიურებულ ინფორმაციას ავრცელებს, რაზეც ბოკერიამ თადუმაძეს ურჩია, მასთან პოლიტიკურ დებატებში ნუ შევა.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში, იურიდიული კომიტეტის სხდომაზე საქართველოს გენერალურ პროკურორს შალვა თადუმაძეს უსმენენ.
“საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველო” მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.