პროკურატურა ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანის მიმართ ბრალდების წარდგენასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
“2019 წლის 8 ოქტომბერს, კლინიკა ნიუ ჰოსპიტალში, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ ილია ჯიშკარიანს, 2019 წლის 30 სექტემბერს, მისი წარმომადგენლობითი ბიუროს სპეციალისტის თამთა თოდაძის მიმართ განხორციელებიული სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედებისა და ცემის ფაქტზე, წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტითა (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, რომელიც არ შეიცავს ამ კოდექსის 137-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი)”. – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ საკრებულოში ინციდენტი მოხდა საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანსა და მის თანაშემწე თამთა თოდაძეს შორის. თოდაძე აცხადებს, რომ საკრებულოს წევრის მხრიდან სექსუალურ ძალადობას ჰქონდა ადგილი, რასაც ილია ჯიშკარიანი უარყოფს. უფლებადამცველები აცხადებენ, რომ საკრეულოს წევრი მის გავლენებს იყენებს საქმის მისაჩუმებლად.
ასევე შეგახსენებთ, რომ თამთა თოდაძე პროკურატურამ დაზარალებულად ცნო.