საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა „ევროპული საქართველოს“ დეპუტატის, ოთარ კახიძის დღევანდელი განცხადების საპასუხოდ აღნიშნა, კახიძე იმდენად დიდი იურსტია, რომ მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდათ დამარცხდა.
„მე ასე ვიტყოდი: შენ ისეთი დიდი იურისტი ხარ, დიდი დიპლომით, ოთარ, რომ ვანო მერაბიშვილის საქმეზე პირწმინდად დამარცხდი ჩემ წინააღმდეგ სტრასბურგში და იმედად ისღა დაგრჩა, საკნიდან გაიყვანესო, ამ ეპიზოდსღა ეპოტინები. იმას მაინც ვერ იძახი, გაიყვანეს და ცემესო, ანდა გაიყვანეს და აწამესო ან კიდევ გაიყვანეს და ცოცხით შეურაცხყვესო, და ეს გწყინს, მაგრამ ვერ იტყვი და რას იზამ.
ვანო პოლიტიკური პატიმარი არ არისო, მისი პოლიტიკური სცენიდან გაყვანის მიზანი საერთოდ არ ჰქონია ხელისუფლებასო, დაკავებაც კანონიერი იყო და პატიმრობაცო, ეს თქვა სტრასბურგმა იმის მიუხედავად, რომ ძალიან დიდი დიპლომი გედო ჯიბეში და არაკომპეტენტურად ცდილობდი სასამართლოს შეცდომაში შეყვანას.
ბევრი ფულიც მიიღე ჰონორარად „საწყალი“ პატიმრისგან და სტრასბურგის სასამართლოს სთხოვდი, ამინაზღაურეთ ეს თანხაო: 202 საათი ვიმუშავე ამ საქმეზე, რაც ჯამში 39 390 აშშ დოლარი დამიჯდაო (საკუთარი თანამებრძოლის დასაცავად, ამის დათვლა მაინც არ დაგეზარა, ბიჭო?)
სასამართლომ სრულად უარყო ეს შენი მოთხოვნა, ბევრ სხვასთან ერთად.
ახლა, რაღა დაგრჩა, აბა. თებერვალში დაუსრულდება მისჯილი სასჯელი მერაბიშვილს და რომ გამოვა, მერე მაინც გასცემ ალბათ პასუხს მას იმის შესახებ, თუ რას ატყუებდი, რაში ვერ და არ დაიცავი და რატომ.
ჰოდა, მოემზადე, ლუზერო!“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ “საერთაშორისო გამჭვირვალობა -საქართველომ“ მოქმედი გენერალური პროკურორის და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ განათლებასთან დაკავშირებული საკითხები შეისწავლა. როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, დიპლომში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძემ ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში 1993 წელს ჩააბარა მაშინ, როდესაც თავად ინსტიტუტი 1994 წელს დაფუძნდა.
ამ თემასთან დაკავშირებით ოთარ კახიძემ საქართველოს გენერალური პროკურორის, უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატის, შალვა თადუმაძის იურიდიულ დიპლომთან დაკავშირებით განაცხადა, რომ წულუკიანი ისე დანიშნეს გენერალურ პროკურორად, მას იურისტის დიპლომი არ ჰქონია, ახლა კი მეორე სერიაა.