გრეტა თუნბერგი, დღეისათვის ყველაზე პოპულარული ბავშვი (ამ სიტყვის მხოლოდ ბიოლოგიური მნიშვნელობით), რომელმაც აღფრთოვანებასთან ერთად ბევრის, ჩემთვის გაუგებარი, აგრესიაც გამოიწვია.
“ვინ არის ნობელის პრემიაზე ნომინირებული 16 წლის გოგო და რა მართავს მას?”
“ვინ არიან სხვადასხვა ქვეყნების, სხვადასხვა ეროვნებებისა და სქესის, მილიონობით “გაბრაზებული” ადამიანები და რა მართავს მათ?” – ორი შეკითხვა, რომელთაგან, პირადად ჩემში, უფრო დიდ ინტერესს მეორე იწვევს და არც პასუხია მაინც და მაინც ცხრაკლიტულს მიღმა გადამალული… შური.
შური!.. მთელ რიგ შემთხვევებში ინდივიდის მიერ მასშივე ამოცნობილი და ასეთად შერაცხულ-იდენტიფიცირებული… ზედაპირზე ამოსული ის სამწუხარო ნორმა, რომელიც ასეთ შემთხვევებში შურის, შეიძლება ითქვას “ნიღაბჩამოხსნილი” ფორმაა და ადამიანს ყოველთვის თან სდევს. ეს რასაკვირველია მძიმე შემთხვევაა.
შედარებით მსუბუქი, თუმცა უფრო მეტად(!) გავრცელებული კი, შენიღბული, სადღაც ქვეცნობიერში დამალული ის შურია, რომელიც ზედაპირზე “კეთილი შურის” სახით თუ ამოგვიტივტივდება ხოლმე და მისი ამ გადადებითებული განსაზღვრების მიუხედავად მაინც შურად, სხვისი ნებისმიერი ფორმით განდიდების მიუღებლობად რჩება.
განსხვავება მხოლოდ იმაშია, რომ მეორეთათვის შურის ეს შეგრძნება იმდენად ქვეშეცნეულია, რომ ასეთად აღქმის და დახარისხების საშუალებას არ იძლევა და ის “მსუბუქი კრიტიკაც”, რომელიც გაიღეს, მათთვის, რაღა თქმა უნდა, მის (შურის) მიღმა მოიაზრება.
არ შეიძლება, ობიექტურად არ შეიძლება, ამ გოგონას ასეთი და ამ ფორმით აქტიურობით არ აღფრთოვანდე, ხილული, ან უხილავი, შური თუ არ გღრღნის, ან გლოღნის!
ეს ბავშვი პირველ რიგში (ისევე როგორც უკანასკნელში) სიტყვა და ხმა არის!.. გზავნილია პირველ რიგში და არა ფიზიოგნომიკა! მისი შეკრულ-შეჭმუხნული კოპი და შუბლი, “მოღრეცილი სახე” და ზოგადად არასაკონფერენციო პოზა, აქა იქ ლამის ბოროტებასთან გაიგივდა და ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენი, ადამიანების, ქვენა გრძნობებისადმი ჯერ კიდევ საკმაოდ მყარ მორჩილებას.
ხშირად, და ეს ის შემთხვევაა, არ აქვს არც არსებითი, არც რაიმე სხვა მნიშვნელობა იმას, თუ ვინ და როგორი მიმიკით გაახმოვანებს იდეას, რომელიც ატაცებისთვის არის მოწოდებული. …და თუ იქნა, სწორედ ამ ადამიანის (საკითხისადმი თავისი არასტანდარტულად “უჟმური” დამოკიდებულებით) დამსახურება იქნება და არა ტბასავით მშვიდი Greenpeace-ების, WWF-ების და ა.შ. სოლიდური საერთაშორისო ორგანიზაციების, რომელთა ტრანსპარანტული მოწოდებებიც არაფრით განსხვავდება ჯანდაცვის ასევე სოლიდური ორგანიზაციების იმ მოწოდებებისგან, რომლებიც ჯანმრთელობისთვის საზიანო ჩვევებს ანტიპროპაგანდას უწევს და მიუხედავად იმისა, რომ ამას თითქოს სავსებით დამაჯერებლად აკეთებს და ეს ყველას გვესმის, “ყავას სიგარეტი მაინც უხდება”…
საქმე იმაშია, რომ ეს ბავშვი პრობლემის პრობლემატურობას ერთგვარ იერსახეს სძენს და სწორედ ამაში მდგომარეობს ეფექტის ეფექტურობაც!..
გაუგებარია იმ გზავნილის ფონზე, რომელიც როგორც იქნა გაისმა და გაისმა ისე შთამბეჭდავად, როგორც აქამდე არასდროს, “მიკროფონზე” თავდასხმა და მისი მხოლოდ იმიტომ ათვალწუნება, რომ მის მიმიკაში ის სამართლიანი ბრაზი გაკრთა, რომელიც ადამიანების დიდმა ნაწილმა ერთგვარ პედაგოგიკად აღიქვა და მადლიერების ნაცვლად (იმიტომ, რომ გრეტა ამ შემთხვევაში მსოფლიოს მართლაც დამრიგებლად წარმოუდგა) მისი ჩაქოლვა გადაწყვიტა.
“გაბოროტებული ბავშვი” – აქა-იქ ასეთი შეფასებებიც შემხვდა… შემხვდა იქ, სადაც ორი, სამი თვის წინ თბილისში მიმდინარე პროცესებში მონაწილეებს “გაბრაზებულ ბავშვებად” მოიხსენიებდნენ… თითქოს ბრაზი მხოლოდ მაშინ უნდა მოგვერიოს, როცა ზიანი ამწამს და უშუალოდ ჩვენ ტყავს ადგება; თითქოს ბრაზს რაღაცა თავისი კალაპოტი აქვს და მხოლოდ მის ფარგლებში წარმოიშვება… თითქოს ჩვენ ზრდასრული ადამიანები ვართ, ეს ადამიანი(!) კი ბავშვი.
P. S. იმ სამედიცინო სიმპტომებსა და სინდრომებზე ყურადღების გამახვილება კი ნამდვილად არ ღირს!..
ეს გოგო იმ “ინსტრუმენტებით” წარმოგვიდგა, რომლებიც მის ხმას გავრცელების უფრო ფართო არეალის მოცვის საშუალებას მისცემდა და ასეც მოხდა.
ასე რომ, წინასწარ, მაგრამ მაინც: გრეტა, გილოცავ ნობელის პრემიის ლაურეატობას!.. იმედია მომავალი შენნაირ ადამიანებს ეკუთვნის.