შეწყალების აქტის განხორციელებაზე პასუხისმგებელი თავად პრეზიდენტია – ამის შესახებ განცხადება პარლამენტის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზვიად კვაჭანტირაძემ გააკეთა.
როგორც კვაჭანტირაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს შეწყალების თაობაზე კითხვები სამართლიანად უჩნდება.
„შეწყალება არის ჰუმანური აქტი, თუმცა, ყველაფერს გააჩნია თავისი დადგენილი პროცედურა. მიუხედავად იმისა, რომ შეწყალება ამ შემთხვევაში როგორც პრეზიდენტის დისკრეციული უფლება იყო, ჩემი აზრით, აქ საზოგადოებას და პოლიტიკურ სპექტრს სამართლიანად უჩნდება კითხვები იმასთან დაკავშირებით, როგორ იყო ეს საკითხი მომზადებული პრეზედენტისთვის. ანუ იყო თუ არა აქ რაიმე შესაძლო ინტერესების კონფლიქტი ვინმეს მხრიდან, რის საფუძველზე მომზადდა და რა უდევს საფუძვლად ამ გადაწყვეტილებებს? ამ შეკითხვებზე პასუხი არ გაეცემა, ვფიქრობ, ეს პრობლემა შიშველი დარჩება. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად გაშვებულია შეწყალების კომისია, არ არსებობის სპეციალური ქვედანაყოფი, რომელიც მოამზადებდა პრეზიდენტისთვის ამ გადაწყვეტილებებს განსახილველად, ვინ არის ადამიანების ის წრე, რომლებმაც არაფორმალურად ჩაანაცვლეს შეწყალების კომისია – ეს შეკითხვები ძალიან მნიშვნელოვანია და ამაზე საზოგადოებას პასუხები სჭირდება. პრეზიდენტის პასუხისმგებლობა ცალსახაა, მაშინ, როდესაც გადაწყვეტილების მიმღები თავად პრეზიდენტია, მაგრამ თვითონ ეს პროცესი არის არანაკლებ საინტერესო”,- განაცხადა კვაჭანტირაძემ.
შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის არის პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული რამაზ დევაძე და 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში მსჯავრდებული ასლან ბეჟანიძე, რომელსაც გამოძიება 12 წლის განმავლობაში ეძებდა