დავით ოთხმეზურის ახლობელმა ანდრო მაისურაძემ kvirispalitra.ge-სთან ინტერვიუში სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალების საკითხს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა არაფრად ჩააგდო განცდები, ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.
ანდრო მაისურაძე 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობაში ბრალდებული ასლან ბეჟანიძის შეწყალებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ აღნიშნულის შესახებ მან ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.
„აღშფოთებულები ვართ, სიტყვებს ვერ ვპოულობ. ტელევიზიით შევიტყვეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. ვერ ვხვდებით რა ხდება ამ ქვეყანაში? პრეზიდენტმა უკვე მერამდენე მკვლელი გამოუშვა გარეთ? მე ვსაუბრობ იმ ფაქტზე, რაც ჩემს მამიდაშვილს შეეხება. ყველასთვის ნათელია, რომ ბეჟანიძემ მოკლა დათუნა ოთხმეზური, ყველამ ვიცით, რა და როგორ მოხდა. თქვენ არ იცით, რამდენწლიანი ბრძოლა იყო იმისთვის, რომ მკვლელი დასჯილიყო. 2004 წლიდან მოყოლებული ველოდით დათუნას მკვლელის დასჯას, წარმოიდგინეთ, ბეჟანიძე 12 წელი მიმალვაში იყო, ისმის კითხვა, თუ არ ხარ დამნაშავე, 12 წელი რატომ იმალები? ყველამ იცის ისიც, რომ მას მფარველები ჰყავდა და ამის წყალობით იყო გარეთ და ამდენი წელი ხელშეუხებელი. როგორც იქნა დააკავეს, როგორც იქნა უზენაეს სასამართლოში აღსდგა სამართლიანობა, მკვლელი დაისაჯა. დღეს ვიგებთ, რომ თურმე 3 კვირაა გარეთ არის. პრეზიდენტი როცა ასეთ რამეს აკეთებს, ის უნდა ეცნობოდეს საქმის მასალებს. უნდა გაარკვიოს რეალურად საქმეში რა ხდება. არ გავაკეთებ აქცენტს იმაზე, რომ ეს საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ოჯახის ტრაგედია. გასაგებია, ყველა ადამიანის მკვლელი უნდა დაისაჯოს, მაგრამ როცა ასეთი ცნობილი ოჯახი ვერ პოულობს ქვეყანაში სამართალს, წარმომიდგენია სხვა ადამიანები რა მდგომარეობაში არიან.
მთელი ჩვენი სანათესაო, დიდი და პატარა აღშოთებულები ვართ. თურმე სამი კვირაა მკვლელი გარეთ არის და არც იცოდა ოჯახმა არაფერი. გიორგი და კოტე საზღვარგარეთ იყვნენ წასულები და იმ პერიოდს ემთხვევა ბეჟანიძის შეწყალება. ვერ აგიხსნით, რა გადაიტანა ეს წლები ამ ოჯახმა, მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, რომ იტყვიან ჩაჰყვა საფლავში თავის შვილს. სალომე ზურაბიშვილმა გონიერებას მოუხმოს – ფეხებზე არ უნდა დაგვიკიდოს ადამიანები. მან არაფრად ჩააგდო ჩვენი განცდები, ჩვენ ოჯახის წევრი მოგვიკლეს, რაც მოხდა ეს უფრო დიდი ტკივილია ახლა, ეს არის სულში ჩაფურთხება სახელმწიფოს წარმომადგენლების მხრიდან.
გამოდის პროფესორ გიორგი ოთხმეზურის ოჯახს ზურგში დანა ჩაარტყა ამ ხელისუფლებამ. არავის ვუსურვებ ამ განცდების გადატანას. წარმოიდგინეთ ამდენი ვაივაგლახით, ამდენი ბრძოლით დასჯილი მკვლელი გარეთ გაუშვა. ალბათ არ კითხულობს საქმეებს და ისე იწყალებს ადამიანებს, რა ხდება ამ ქვეყანაში, მკვლელებით და კრიმინალებით უნდა გაივსოს ქალაქი?! ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ბოლო ინსტანციამდე მიყვანილი დადანაშაულებული მკვლელები გარეთ გაუშვა. სად არის სამართალი, სად ვეძებოთ, სახელმწიფო არ გვაქვს?“- აცხადებს მოკლულის მამიდაშვილი.
შეგახსენებთ, რომ medinews-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილისა და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.
ასლან ბეჟანიძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხა” გაავრცელა.
ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული მათ შორის ბეჟანიძეც შეიწყალა.