„აუცილებელია, შეწყალების თემა დარეგულირდეს, რადგან არ შეიძლება, ამ ასპარეზზე ადამიანმა, პრეზიდენტმა, ნებისმიერმა განსწავლულმა ადამიანმა თვითშემოქმედებით იმოქმედონ. სანამ პრინციები არ ჩამოყალიბდება, შეცდომებისგან, გადაცდომებისგან, არასწორი გადაწყვეტილებებისგან არავინ არის დაზღვეული. დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული პირის შეწყალება არასწორი გადაწვეტილებაა”.
გიორგი ვოლსკი, უმრავლესობის წევრი
Imedinews-ის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა ასლან ბეჟანიძე, რომელიც ისტორიკოს გიორგი ოთხმეზურის შვილისა და ისტორიკოს მარიკა ლორთქიფანიძის შვილიშვილის, 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. დავით ოთხმეზური თბილისში, პეკინის გამზირისა და მიცკევიჩის ქუჩის კვეთასთან 2004 წლის 27 ოქტომბერს მოკლეს.
ასლან ბეჟანიძის შეწყალების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად “მთავარმა არხა” გაავრცელა.
ასლან ბეჟანიძე 2016 წლის 26 მარტს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით წარედგინა და თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გათვალისწინებით, ასლან ბეჟანიძეს საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა 6 წლის და 9 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული მათ შორის ბეჟანიძეც შეიწყალა.