საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას ბიძინა გეგიძის უმრავლესობიდან გარიცხვაზე ისაუბრა.
როგორც ვოლსკიმ აღნიშნა, დეპუტატის გარიცხვა მმართველი გუნდის მისწრაფება არ იყო.
„არის თემები, მთელი რიგი საკითხები: მოსამართლეთა არჩევის შესანიშნავი სისტემა, რომელიც აბსოლუტურად უსაფუძვლოდ დაიწუნა; თუნდაც ის განცხადება, რომ თითქოს მედიაზე ზეწოლას ახდენს „ქართული ოცნება”, ან რამე თავისუფლების შეზღუდვა არსებობს. ამაში არაფერი ტრაგიკული არ არის, არც სასკანდალო. შეიძლება ადამიანს თავის შეხედულებებით ჩამოყალიბებული სხვა პოლიტიკური პლატფორმა ჰქონდეს. რჩება განცდა, თავად ბიძინა გეგიძე მიისწრაფოდა იმისკენ, რომ ყოფილიყო სწორედაც გარიცხული. ვინაიდან, თავისი შეხედულებების გამო, კოლეგებთან, მათ შორის პარლამენტის თავმჯდომარესთან განუცხადებია, რომ იგი გადაწყვეტს, ულტიმატუმის სახით, თუ როგორ მოიქცევა მომავალში.
პოლიტიკური სპეკულაციების ნიშნები არსებობდა, თუმცა გულწრფელად გიდასტურებთ, რომ ეს არ იყო უმრავლესობის მისწრაფება, ბიძინა გეგიძე გარიცხულიყო”, – აცხადებს ვოლსკი.
საპარლამენტო უმრავლესობიდან დეპუტატი ბიძინა გეგიძე გარიცხეს. გეგიძისათვის უმრავლესობის დატოვების თაობაზე გადაწყვეტილება მმართველმა უმრავლესობამ გუშინდელ უმრავლესობის სხდომაზე მიიღო.