ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშების დაყადაღების საკითხზე საუბრისას, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია.
“ჩვენ ვიცით, რომ მიმდინარეობს გამოძიება. გამოძიება გადავიდა უკვე სასამართლო განხილვის ეტაპზე. ეს პროცესი გამჭვირვალეა. რა ზომას გამოიყენებს პროკურატურა და გამოძიება ამ პროცესში, არის სრულიად მათი პრეროგატივვა. ნამდვილად ვერ დავეთანხმები ვინმეს, რომ ეს არის განპირობებული რომელიმე პროექტში მონაწილეობით. არცერთ პროექტში მონაწილეობა, არცერთი სტატუსი, არცერთი პოლიტიკური მოძრაობის შექმნის ფაქტი არ არის ინდულგენცია, არცერთ ჩვენგანს არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან”, – განაცხადა თურნავამ.
შეგახსენებთ, რომ ინფორმაცია საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ მამუკა ხაზარაძემ გაავრცელა. როგორც ხაზარაძე წერს, მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიში დაყადაღდა, რაც იმას ემსახურება, რომ მოხდეს მათ მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის პორტის საბოლოოდ გაჩერება.