“რუსთავი2-ის” ყოფილ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 40 ათას ლარიანი გირაოს გადახდა დააკისრა. თუმცა გვარამია აცხადებს, რომ არ აპირებს გირაოს გადახდას. მეტიც, მან საზოგადოებას მიმართა, თუ მისთვის კარგი საქმის გაკეთება სურთ, არ გადაიხადონ მისი გირაო.
იმის გასარკვევად, თუ რა მოხდება ნიკა გვარამიას მიერ გირაოს გადაუხდელობის შემთხვევაში, “მეტრონომი” იურისტ კახა კოჟორიძეს დაუკავშირდა.
კახა კოჟორიძის განმარტებით, თუ ნიკა გვარამია ერთი თვის ვადაში არ გადაიხდის გირაოს, პროკურორს აქვს უფლება, აღკვეთის ღონისძიების პატიმრობით შეცვლა მოითხოვოს, თუმცა ეს არის უფლება და არა ვალდებულება.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორი ამ უფლებას გამოიყენებს, სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს საკითხზე და მაინც არ შეუფარდოს პატიმრობა.
“ნიკა გვარამიას, გირაოს გადახდისთვის, აქვს ერთთვიანი ვადა. თუ ამ ვადაში გირაოს გადახდა არ მოხდება, საქართველოს საპროცესო კანონმდებლობით, პროკურორს აქვს უფლება, მოითხოვოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, მაგალითად – აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის გამოყენება. ამის უფლებამოსილება აქვს პროკურატურას, თუმცა ეს უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება, პროკურატურა არ არის ვალდებული, რომ აუცილებლად მოითხოვოს პატიმრობა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პროკურორი ამ უფლებას გამოიყენებს, სასამართლოს შეუძლია, იმსჯელოს საკითხზე და მაინც არ შეუფარდოს პატიმრობა”. – განაცხადა კახა კოჟორიძემ.
რაც შეეხება შეკითხვას, არის თუ არა შესაძლებელი, დაკისრებული გირაო ვინმემ ნიკა გვარამიას ნებართვის გარეშე გადაიხადოს, კახა კოჟორიძე ამბობს, რომ პრაქტიკაში ასეთი შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთ დროს, გირაოს მიზანი ვერ მიიღწევა.
“დასტურის გარეშე გირაოს გადახდა არ შეიძლება, თუმცა უნდა აღინიშნოს, რო, კანონმდებლობით ეს ცალსახად არ წერია. პრაქტიკაში ყოფილა ასეთი შემთხვევები, მაგრამ როგორც წესი, ეს წინასწარ თანხმდება ბრალდებულთან. მიზანი რასაც ემსახურება აღკვეთის ღონისძიების გამოყენება, ვერ იქნება მიღწეული, თუ ვინემ მისი ნების გარეშე გადაიხდის. შეიძლება ფორმალურად ეს მოხდეს, მაგრამ არ იქნება სწორი მიდგომა საკითხისადმი. როცა ეს ადამიანი ამბობს, რომ მე არ ვიხდი და მას აქვს ეს პოზიცია, რომ ნებისმიერი საფასურის შემთხვევაში, გირაოს არ გადაიხდიდა, სხვას უფლება არ აქვს, მის ნაცვლად შეიტანოს თანხა. თუ ვიღაც გადაიხდის, მიზანი ვერ მიიღწევა. აღკვეთის ღონისძიების მიზანი არის ის, რომ ბრალდებული არ დაემალოს გამოძიებას, არ გაექცეს საგამოძიებო პროცედურებს, გავლენა არ მოახდინოს მოწმეზე. თუ ვინმე მისი ნების გარეშე სხვა გადაიხდის, მას არ ექნება მოტივაცია. პირიქით, შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, დაარღვიოს პროცედურა, სწორი იქნება თუ ეს მხოლოდ მის ნებაზე იქნება დამოკიდებული”. – განმარტა იურისტმა.
შეგახსენებთ, ნიკა გვარამიას ბრალი სსკ -ის 220-ე უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით ედება.
რას ითვალისწინებს მუხლი, რომლითაც ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენეს