ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

“ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი” – შსს

20-21 ივნისისი მოვლენებთან დაკავშირებით, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ბრალდებით, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, მამუკა ჭელიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ, 2019 წლის 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე, დაკავებულია ირაკლი ოქრუაშვილი.

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დადგინდა, რომ პარლამენტის შენობაზე მიტანილი ძალადობრივი შტურმის დროს, ირაკლი ოქრუაშვილი, თანმხლებ პირებთან ერთად, მოუწოდებდა აქციის მონაწილეებს და თავადაც ცდილობდა პარლამენტის შენობაში ძალადობრივ შეჭრას. ასევე, ირაკლი ოქრუაშვილი მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა ჯგუფურ ძალადობრივ მოქმედებებში.

აღსანიშნავია, რომ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, პასუხისგებაში მიცემულია 17 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი – ნიკანორ მელია, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ინტენსიურად აგრძელებს გამოძიებას 20-21 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე და 315-ე მუხლებით.

მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას“, – განაცხადეს შსს-ში.

იტვირთბა....