კობა კოშაძეს 19 აგვისტომდე თუ არ გაათავისუფლებენ, როდესაც მისი შვილის წლისთავია, ძალიან მძიმე და ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ოქრუაშვილის განცხადებით, კოშაძე მასზე ზეწოლის მოსახდენად დაიჭირეს.
“როგორც უკვე აშკარაა, ივანიშვილმა დაიწყო ტერორი, რაც პირველ რიგში გამოიხატა ჩემი მეგობრის და დაცვის წევრის დაპატიმრებაში, როცა მას იარაღი ჩაუდეს. გუშინ სააპელაციო სასამართლომ უარი გვითხრა მისი სააპელაციო საჩივრის განხილვაზე, რომ შეეცვალათ პატიმრობა. საერთოდ განუხილავი დატოვა და ნაცვლად იმისა, რომ განეხილა და უარი ეთქვა, თუნდაც ფასადურად, საჩივარი არც მიიღო. ეს უკვე აშკარად მიუთითებს ხელისუფლების ჩარევაზე ამ პროცესში და ნათლად აჩვენებს ერთ რამეს, რომ მისი დაკავება იყო პოლიტიკური, რომელიც ემსახურებოდა ერთ მიზანს, მოეხდინათ ზეწოლა ჩემზე.
კობა კოშაძე გამართლებული იქნა სამი ინსტანციის სასამართლოს მიერ და მის საქმეში არ არსებობს არანაირი ლაქა. მას იარაღი არ უტარებია და განსხვავებით წინა ხელისუფლების დროს ჩემი მეგობრების დაჭერის, როდესაც ე.წ. გრანატამიოტებს უდებდნენ ჩემს მეგობრებს, ახლა გადავიდნენ ჟანგიან „მაკაროვებზე“. როგორც ჩანს, ივანიშვილს ამაშიც არ უნდა ფულის დახარჯვა, რომ ცოტა უფრო ხარისხიანი იარაღი ჩაუდოს ოპონენტებს.
ეს იყო ჩემი აზრით, დასჯის ღონისძიება. სხვა მხრივ დარწმუნებული ვარ, მათ იციან, რომ ჩემზე ზემოქმედებას ვერ მოახდენენ. რომ დაეკავებინათ რომელიმე ყოფილი სპეცრაზმელი ჩემი მეგობარი, რომელთაგან ბევრი აქ, ოფისშიც მყავს და გარკვეულ პარტიულ საქმიანობაშიც მეხმარებიან, კიდევ არ ვიქნებოდი იმდენად შეწუხებული, რადგან კობა კოშაძეს რამდენიმე წლის წინ გარდაეცვალა პატარა შვილი, 2016 წელს ჩემზე თავდასხმის დროს დაიჭრა და მძიმე ოპერაცია აქვს გადატანილი. მათ იცოდნენ, რა ტიპის მაზოლზე უნდა დაეჭირათ ჩემთვის ფეხი. ეს იმის გამო, რასაც მე ხელისუფლების და ივანიშვილის წინააღმდეგ ვაკეთებ და გავაგრძელებ გაკეთებას. თუ კობა კოშაძეს არ გაათავისუფლებენ, დაახლოებით, ულტიმატუმის სახით არ მინდა გამომივიდეს, 19 აგვისტომდე, როდესაც მისი შვილის წლისთავია და ყოველთვის მეგობრები ვიკრიბებით, მის საფლავზე გავიდეთ, ძალიან მძიმე და ძალიან ცხელი შემოდგომა ექნება ივანიშვილს“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.