სამართალდამცველებმა ირაკლი ოქრუაშვილის პარტიის წევრი კობა კოშაძე დააკავეს. ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ცნობით, გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
კობა კოშაძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფს იარაღი ჩაუდეს.
„კობა კოშაძე არის ირაკლი ოქრუაშვილის მეგობარი. მასთან მუშაობს უკვე წლებია. დღეს, დაახლოებით 11:00 საათისთვის თავისი სოფლიდან მოძრაობდა თბილისის მიმართულებით და თბილისის შემოსასვლელში გააჩერეს, ალბათ 20-მდე პოლიციელმა და ჩაუდეს იარაღი. დიდხანს ეხვეწებოდნენ, შენს თავზე აიღე, აღიარე, რომ ეს შენი იყო. მსგავსი, რა თქმა უნდა, არაფერი ყოფილა. ახლა გამოვედი მისგან, რაღაცა მოტივით, თითქოს უნდა შეემოწმებინათ, ტანსაცმელიც გაუხდიათ და დაახლოებით 15-20 წუთის განმავლობაში სხვა ოთახში გაიყვანეს და ტანსაცმელი ცალკე იყო, რაც ეჭვის საფუძველს ქმნის, რომ მიკრონაწილაკები ვთქვათ აიღონ და იარაღზე დაადონ. ასევე, როგორც ამბობს, ზურგზე სველი ტილოთი შეეხნენ მას, ასე ვთქვათ ანაწმენდი აიღეს არაოფიციალურად“, – განაცხადა ადვოკატმა მამუკა ჭაბაშვილმა.
წყარო: “პირველი არხი”