საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი “მეტრონომთან” საუბრისას განაცხადა, რომ ის არ იცნობს ვიცე-პრემიერის მაია ცქიტიშვილის განცხადებას ეკა ბესელიასთან დაკავშირებით.
წილოსანის თქმით, მაია ცქიტიშვილი, ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური და კონომიკური კუთხით ქალთა გაძლიერების მომხრეა.
“სამწუხაროდ, მაია ცქიტიშვილის განცხადება სრულად არ მინახავს და ძალიან გამიჭირდება შეფასება. ერთი რამ მკაფიოდ მინდა ვთქვა, რომ როდესაც პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებაზეა საუბარი, არასდროს არ არის ბევრი მასზე საუბარი, არასდროს არის თემა მოძველებული და ის ყოველთვის აქტუალური უნდა იყოს. ვთვლი, რომ საქმე უნდა იქნეს გამოძიებული და სათანადოდ უნდა დაისაჯოს ყველა ის ადამიანი, ვინც ამ ბინძურ საქმეში შეიტანა წვლილი.
კითხვა, პასუხი, კონტექსტი არ ვიცი. თუმცა, მაია ერთ-ერთი ის ადამიანია, რომელიც გენდერული თანასწორობისა და პოლიტიკური და კონომიკური კუთხით ქალთა გაძლიერების მომხრეა. ამიტომ, არ ვიცი თუ საიდან გამომდინარე იყო მისი ეს პასუხი”, – აცხადებს წილოსანი.
ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა 22 ივლისს თქვა, რომ ეკა ბესელიას მხრიდან მისი პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებზე საუბარი დამღლელია.
ცქიტიშვილს ბესელიაც გამოეხმაურა: “რას ნიშნავს ეს სიტყვები ქალ მაია? რისმა მოსმენამ დაგღალათ? ჟურნალისტი რომ კითხვას სვამს რა ხდება ამ საქმეზე და მე რომ პასუხის გაცემა მიწევს ? და რომ მიწევს ეს ვისი ბრალია?? და რას გაეცა პასუხი? რა გამოიძიეს? არ გაწუხებთ იმ მთავრობაში ყოფნა რომლის დროსაც ასეთი უკანონო ჩანაწერები ვრცელდება??”, – დაწერა სოციალურ ქსელში პარლამენტის წევრმა ბესელიამ.