ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სტრასბურგის დღევანდელი გადაწყვეტილება არის საფრთხის შემცველი და ცუდი ქართული დემოკრატიისთვის” – ბაქრაძე

“ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ, სტრასბურგის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი და ცუდია ქართული დემოკრატიისთვის, მაგრამ როგორც პასუხისმგებლიანი და პროდასავლური ოპოზიცია ჩვენ კითხვის ნიშნის ქვეშ არ ვაყენებთ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს

როგორც დავით ბაქრაძემ აღნიშნა, „რუსთავი 2“-ის საქმეზე დავა უნდა გაგრძელდეს სამართლებრივად.

„დღევანდელი გადაწყვეტილება ტოვებს სამართლებრივი გაგრძელების და დიდ პალატაში გასაჩივრების პერსპექტივას, რის გამოყენებასაც „რუსთავი 2“ აპირებს. მიმაჩნია, რომ სამართლებრივი ბრძოლის გაგრძელება სწორი გზაა. მინდა, ხელისუფლებას კატეგორიულად მოვუწოდო, მიყვნენ მათივე დაწესებულ სტანდარტს ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლება აცხადებდა, რომ სტრასბურგის გადაწყვეტილება ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით საბოლოო იქნება მხოლოდ დიდი პალატის გადაწყვეტილების შემდეგ. მათ მოვუწოდებ, საკუთარი სტანდარტი დაიცვან და „რუსთავი 2“-თან დაკავშირებით არ მოახდინონ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების აღსრულება და ამით „რუსთავი 2“-ს გასაჩივრების შანსი არ წაართვან. „რუსთავი 2“-სთვის გასაჩივრების შანსის წართმევა ხელისუფლების მხრიდან აღქმული იქნება, როგორც პოლიტიკურად, სამართლებრივად ცუდი, დამაზიანებელი ნაბიჯი და არხის მითვისების მცდელობა. ხელისუფლებას მოვუწოდებ, ასეთი ნაბიჯის გადადგმისგან თავი შეიკავოს. „რუსთავი 2“-ს მისცეს საშუალება, რომ ბოლომდე გამოიყენოს სამართლებრივი ბრძოლის ბერკეტები, რომელსაც მას სტრასბურგის სასამართლო და პროცესი აძლევს“, – განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს  სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.

იტვირთბა....