“რუსთავი2“ – ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ პრესკონფერენციაზე, რითაც ამავე ტელეკომპანიის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, განაცხდა, რომ სტრასბურგის ეს გადაწყვეტილება სკანდალურია
გვარამია ასევე ეხმაურება იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, ქიბარ ხალვაშის გადასაწყვეტია დროებით ღონისძიებას – აღსრულების შეჩერებას როდის მოხსნის და ტელეკომპანიას როდის გადაიფორმებს. ნიკა გვარამიას თქმით, ეს იქნება იმ ტელეკომპანიის დანაშაულებრივი მითვისება, რომელსაც ჯერ კიდევ აქვს შანსი, რომ ეს გადაწყვეტილება შეცვალოს.
„გასაჩივრების შესაძლებლობა გვაქვს ერთ შემთხვევაში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი. ეს არის მოსამართლე ურთმელიძის, მზია თოდუას და სააპელაციო სასამართლოს კიდევ ერთი მოსამართლის დასაშვებად ცნობა და ჩვენ ვაპირებთ ამის გასაჩივრებას. მინდა ვუპასუხო თეა წულუკიანს, რომ დროებითი ღონისძიების გაუქმება არ ნიშნავს იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ძალაში შევიდა. დროებითი ღონისძიება გაუქმდა იმიტომ, რომ ის მიბმული იყო „რუსთავი2“- ის მოთხოვნაზე, რომელიც ჩვენთვის სრულიად გაურკვევლად დაუშვებლად იქნა ცნობილი. მე ვიტყოდი, რომ სკანდალურია ეს გადაწყვეტილება იმიტომ, რომ იმავე სასამართლოს მეორე კოლეგიამ „რუსთავი 2“-ის მოთხოვნას გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ უპასუხა რევოლუციური გადაწყვეტილებით, როდესაც სტრასბურგის სასამართლომ ისტორიაში პირველად თქვა, რომ ვიღებ დროებით ღონისძიებას უზენაეს სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რადგან ვხედავ გამოხატვის თავისუფლების დასაბუთებულ შეზღუდვასო.
იუსტიციის მინისტრს მივმართავ. იმის თქმა, რომ ქიბარ ხალვაშს შეუძლია მივიდეს სადღაც და სახელმწიფო დაურეგისტრირებს – ეს სამართლებრივად არასწორი ინტერპრეტაციაა. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი, თუ არა დანაშაულებრივი მითვისება მედიის, რომელიც ჯერ კიდევ ინარჩუნებს შანსს, რომ ეს გადაწყვეტილება სრულიად შეცვალოს,“ – განაცხადა გვარამიამ.
შეგახსენებთ, რომ დღეს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაცხადა. სტრასბურგის სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე, არც ერთ მუხლზე დარღვევა არ დადგინდა.