ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ერთიან, ძლიერ ქვეყანას” – ბახტაძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტებს უპასუხა და განაცხადა, რომ აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ავაშენებთ ძლიერ ქვეყანას.

მისივე შეფასებით, საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და ევროპელები, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობა ამ ისტორიას დეტალურად იცნობენ.

„სამწუხაროდ, პირველად არ გვესმის მსგავსი განცხადებები, რომელიც ეყრდნობა ფაქტების ფუნდამენტურად არასწორ ინტერპრეტაციას. საქართველოს ისტორია არის ის, რითაც თითოეული ჩვენგანი ამაყობს. საქართველოს ისტორია არის ევროპული ისტორიის ნაწილი და გარწმუნებთ, ევროპელებს, ისევე, როგორც მსოფლიო თანამეგობრობას აქვს ძალიან კარგი და დეტალური ცოდნა ჩვენი ისტორიის შესახებ. როგორც ჩვენ ვამაყობთ ჩვენი წარსულით, ასე ამაყობს ევროპაც, ვინაიდან, ჩვენ ვართ ევროპული ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენი ამოცანაა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას ჰქონდეს სწორი ინფორმაცია არა მხოლოდ ისტორიის შესახებ, არამედ მომავალი გეგმების შესახებ და მომავალი გეგმა არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი და მარტივი – საქართველო გააგრძელებს ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობას და ამ მშენებლობაში მიიღებს მონაწილეობას თითოეული ადამიანი, რომელიც საქართველოში ცხოვრობს – ჩვენი ოსი და აფხაზი ძმები და თითოეული ეთნიკური წარმოშობის ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ჩვენს საერთო სამშობლოში, ეს არის ის, რაზეც სახელმწიფო უნდა იყოს ორიენტირებული. ჩვენ ვართ პასუხისმგებლიანი მთავრობა და პასუხისმგებლიანი მთავრობის მთავარი ამოცანაა, რომ დაიცვას ეროვნული ინტერესები და თავისი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ქვეყნის წინაშე არსებული მტკივნეული გამოწვევების გადასალახად საჭიროა კონსოლიდაცია და ერთობლივი ძალისხმევა.

„მინდა, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდო – მეგობრებო ახლა არის კონსოლიდაციის დრო და ნამდვილად არ არის პოლარიზაციის დრო. პოლარიზაცია არის ის, რაც საქართველოს ხდის ადვილ სამიზნეს და ეს ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....