პროგრესი Vs "მამა-პაპანი" (ბლოგი) - Metronome.Ge
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პროგრესი Vs “მამა-პაპანი” (ბლოგი)

მიუხედავად იმისა, რომ “გუშინ სახედარი, დღეს ფერარი”-ც პროგრესის შედეგი და მისი ნაწილია, პროგრესი, ამ გაგების ფუნდამენტური მნიშვნელობით, მაინც სხვა, მეტ-ნაკლებად არსობრივ განმარტებას საჭიროებს.

 პროგრესი

პროგრესი პირველ რიგში მენტალური პროცესია და ხვალ სახლიდან სამსახურში და პირიქით სულ მფრინავი თეფშით მისვლა-მოსვლა რომ მოგვიწიოს, თუ მენტალური ჯაჭვით ისევ იქ ვართ მიბმულნი, სადაც წარსულში ვიყავით, მაშინ მასთან მხოლოდ გარეგნულ-ილუზორული შეხება გვექნება და ესე იგი არ გვექნება.

პროგრესი მტკივნეული პროცესია, თუმცა გარდაუვალი და თავად იმის ცოდნის დონეზე აღქმაც კი (სულ რამდენიმე საუკუნის წინ ასეთი აღქმა ინტუიტიური უფრო იყო), რომ ის გარდაუვალია, მის ტემპებს ყოველდღიურად და ყველა მიმართულებით ლამის გეომეტრიული პროგრესიით ზრდის. არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ პროცესში ჰუმანიზმის როლი, ნუ მთლად დაკნინებული არა, მაგრამ… იმისთვის, რაც, გადამეტების გარეშე, აღზევებას იმსახურებს, ერთმნიშვნელოვნად მიჩქმალულია.

ჩვენს ცხოვრებაში და მის გარშემოც პროგრესის ნაკლებად ხილული და ხელშესახები, თუმცა იმავდროულად, მისი ყველაზე გრძნობადი და თვალსაჩინო შემადგენელი ჰუმანიზმია. ზუსტად ჰუმანიზმის ნაკადების ცნობიერებაში ეტაპობრივი შემოჭრების წყალობით მოვექეცით პროგრესს ზურგზე, რომელსაც განვითარების კიბეზე საფეხურ-საფეხურ მაღლა ავყავართ.

დღეს და ამ გადმოსახედიდან თავისუფლად შეგვიძლია იმის მტკიცება, რომ კაცობრიობის გზა მის ჰუმანურობაში ზრდას ემთხვევა და მისი განვითარებაც და ზოგადად პროგრესიც მხოლოდ ამას გულისხმობს.

ჩვენი მამა-პაპანი რომ ადამიანები იყვნენ და ამ პლანეტაზე ცხოვრობდნენ ეს იმდენად ფორმალური მტკიცებაა, რამდენადაც თითქმის მხატვრული და ცვალებადი როგორც ადამიანთან მიმართებაში, ისე პლანეტასთან მიმართებაშიც.

ჩვენ მამა-პაპას თავიანთი მამა-პაპა ჰყავდათ, რომელთაც თავის მხრივ ჰყავდათ მამა-პაპები და ძნელი წარმოსადგენი არ არის ვინ ვიქნებოდით დღეს მათი მსოფლმხედველობა საუკუნეების მანძილზე და ეტაპობრივად “პროგრესის ღუმელში” რომ არ გადამდნარიყო და მისი განახლებული ვერსია არ ჩამოსხმულიყო. ძნელი წარმოსადგენი არ არის მამა-პაპის მსოფლმხედველობით აღჭურვილები ვინ ვიქნებოდით დღეს…

წარსულთან კავშირი საჭირო და აუცილებელიც არის!.. ოღონდ მხოლოდ “რეზინის ზონრით” და არა “რკინის ჯაჭვით”!

ყელზე “მამა-პაპანის” რკინის ჯაჭვად გამობმა ფიქსირებულ მენტალურ წრეზე ტრიალს ნიშნავს და ზუსტად ბუნების იმ კანონს ეწინააღმდეგება, რომელიც პროგრესს ფაქტობრივად, თავად განაპირობებს!.. იმ ბუნების კანონს ეწინააღმდეგება, რომლით აპელირებაც ასე ძალიან უყვართ მათ, ვინც იმავდროულად პროგრესს ეწინააღმდეგება… არ არის ეს სიბნელის… ბოდიში, თავში მუქი ფერების უტყუარი ნიშანი?!

ვასო შონია

ამავე თემაზე
იტვირთბა....