ოპოზიციური პარტიები “ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნიკა მელიასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აცხადებენ, რომ პარლამენტის წევრის წინააღმდეგ სასმართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება არაკონსტიტუციურია.
„ქართული ოცნებისგან“ კონტროლირებადი მურუსიძე-ჩინჩალაძის სასამართლოს მიერ ნიკა მელიას წინააღმდეგ გამოტანილი გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, შინაპატიმრობის დაწესებასთან დაკავშირებით, ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და წარმოადგენს ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითს.
საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული მონიტორინგის დაწესება დემოკრატიული ტრადიციის ქვეყნებში უპრეცედენტოა.
საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის შესაბამისად, დაუშვებელია დეპუტატის საპარლამენტო საქმიანობის შეზღუდვა. აშკარაა, ეს ნაბიჯი ხელისუფლების მიერ ოპოზიციური პარტიის ლიდერის საპარლამენტო, პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვის მცდელობაა და კიდევ ერთხელ ადასტურებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების შეუქცევადი რღვევის პროცესს.
მიგვაჩნია, რომ თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მოსამართლეების ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებები და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ის ნორმები, რომლებმაც ამ მოსამართლეებს კონსტიტუციის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებების გამოტანის შესაძლებლობა მისცა, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს“, – აღნიშნულია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ: „ახალი მემარჯვენეები“, „ახალი საქართველო“, „ახალი ქრისტიან-დემოკრატები“, „გამარჯვებული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული დემოკრატები“, „ევროპული საქართველო“, „ემსახურე საქართველოს“, „თავისუფალი დემოკრატები“, „კანონი და სამართალია“, „ლეიბორისტული პარტია“, „რესპუბლიკური პარტია“, „სამოქალაქო ალიანსი საქართველოსთვის“, „სახელმწიფო ხალხისთვის“, „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა“, „ქრისტიან-კონსერვატორები“.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ამავდროულად, სასამართლომ მელიას რამოდენიმე აკრძალვაც დაუწესა. კერძოდ, ნელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებმა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.