ახალი ამბები

ჩვენ გვაქვს იმედი, ხელი შევუწყოთ კონსენსუსის ჩამოყალიბებას, რათა ახალი საარჩევნო სისტემის მხარდასაჭერად პარლამენტში 113 ხმა მოგროვდეს – კობახიძე

პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ მმართველი გუნდის საკონსტიტუციო პროექტი უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა, ეს იძლევა შესაძლებლობას, ახალ ეტაპზე გადავიდეს საქართველოში პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარება, ეს არის ფუნდამენტური ნაბიჯი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარების მიმართულებით, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, პროპორციული სისტემის ფუნქციონირება პოლიტიკური სისტემის მუდმივ განვითარებას საჭიროებს.

„ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც ყველა ჩვენგანმა ერთად უნდა ავიღოთ პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო სექტორმა, ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევით შესაძლებელი გახდება პარტიული სისტემის სწრაფი განვითარება. ეს შესაძლებელს გახდის პოლიტიკური სისტემის სათანადო ფუნქციონირებას პროპორციული სისტემის პირობებში. კანონპროექტი, რომელიც არის ინიცირებული პარლამენტში, არის ლაკონური. კანონპროექტს ხელს აწერს ასამდე დეპუტატი საპარლამენტო უმრავლესობიდან. საბოლოო ჯამში, ამ კანონპროექტის მიღებას სჭირდება პოლიტიკური პარტიების კონსენსუსი. ჩვენ გვაქვს იმედი და ვართ მოწოდებული, ხელი შევუწყოთ ამ კონსენსუსის ჩამოყალიბებას საქართველოს პარლამენტში, რათა მოგროვდეს 113 ხმა ამ კანონპროექტის მხარდასაჭერად.

რაც შეეხება კანონპროექტის ტექსტს, ის არის საკმაოდ ლაკონურად მოცემული. მარტივი ფორმულა უზრუნველყოფს, რომ პარტია, რომელიც იღებს სულ მცირე ერთ მანდატის მოსაპოვებლად საჭირო ხმების რაოდენობას, ეს არის დაახლოებით 0,67% ხმებისა, მიიღებს მანდატს. საქართველოს პარლამენტში დადგენილია ბუნებრივი, ნულოვანი ბარიერი, შემდეგი არჩევნებისთვის. კიდევ ერთ დეტალს განვმარტავ – თქვენ იცით, რომ არსებობს კონსტიტუციის ძირითადი ტექსტი, სადაც განსაზღვრულია საარჩევნო სისტემა, კერძოდ 5%-იანი საარჩევნო ბარიერით, ეს ძირითადი ტექსტი რჩება ძალაში და ის იმოქმედებს ყოველ შემდეგ საპარლამენტო არჩევნებისთვის.

რაც შეეხება ახალ ინიციატივას, ის აისახება კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში. კონსტიტუციური კანონი, რომელიც მიღებული იქნა 2017 წელს, შეიცავდა გარდამავალ დებულებებს, მათ შორის იყო ერთ-ერთი მეცხრე პუნქტი, რომელიც ადგენდა, რომ შემდეგი არჩევნები ტარდებოდა შერეული საარჩევნო სისტემით. ცვლილება შეეხება მეცხრე პუნქტს, იცვლება მეცხრე პუნქტი, ამოღებული იქნება ჩანაწერი იმის თაობაზე, რომ შემდეგი არჩევნები ტარდება შერეული საარჩევნო სისტემით და ეს ჩანაწერი შეიცვლება ჩანაწერით პროპორციული არჩევნების ჩატარების თაობაზე. ამავე პუნქტში აისახება ე.წ. ბუნებრივი ბარიერი  შემდეგი ტექსტით: საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნების შედეგად მანდატს, ან მანდატებს მიიღებს ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც მიიღებს სულ მცირე ერთი მანდატის მისაღებად საკმარის ხმების რაოდენობას. ეს არის ამ კანონპროექტის  ტექნიკური მხარე “, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკონსტიტუციო ინიციატივის – “პროპორციული არჩევნები 2020“-ის პრეზენტაცია იმართება.

იტვირთბა....