ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

დემონსტრანტებმა 3 მოთხოვნა წამოაყენეს და ხელისუფლებას 3 საათი მისცეს

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე, დემონსტრანტებმა მოთხოვნები წამოაყენეს. ისინი პირველ რიგში, შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, რომლისთვისაც მათ 3 საათი მისცეს. მეორე მოთხოვნაა გათავისუფლდეს ყველა ადამიანი საპატიმროდან, რომლებიც გუშინ აქციის დაშლის დროს დააკავეს. არის კიდევ ერთი მოთხოვნა – პასუხი აგოს ყველა იმ პოლიციელმა, რომელმაც ძალას გადაამეტა დემონსტრანტების წინააღმდეგ, განსაკუთრებით ჟურნალისტების მიმართ.

უკვე გავრცელდა ინფორმაცია მთავრობიდან. როგორც ირკვევა, ხელისუფლების წარმომადგენლები გიორგი გახარიას პასუხისმგებლობის საკითხს არ განიხილავენ.

აქცია გრძელდება.

შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.

რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.

აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.

ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.

ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.

იტვირთბა....