“პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს, სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაუყრება.
მისი თქმით ვინც რეზინის ტყვიის გამოყენების გამართლებას ცდილობს, მას თავად არ მოხვედრია ეს ტყვია და არ ესმის, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება უკიდურესი მეთოდია კრიზისის გასანეიტრალებლად.
“ვინც რეზინის ტყვიის გამოყენების გამართლებას ცდილობს, მას თავად არ მოხვედრია ეს ტყვია და არ ესმის, რომ რეზინის ტყვიის გამოყენება უკიდურესი მეთოდია კრიზისის გასანეიტრალებლად. ეს იყო გამოუსწორებელი შეცდომა, რამაც ახალგაზრდები უკიდურესად დააზიანა. მკაფიოდ ვამბობ: არ იყო საჭირო რეზინის ტყვიის გამოყენება. საკმარისი იყო ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი!
აქვე მესმის, რომ ათობით პოლიციელია დაშავებული. დავინახე ისიც, რომ ვიდრე პარლამენტში შეჭრის მცდელობა დაიწყებოდა, სპეცრაზმის წევრები აქციის მონაწილეებს წყალს ურიგებდნენ. მაქსიმალურ მოთმინებას იჩენდნენ. საჭირო იყო ბოლომდე მოთმინების ამ ფარგლებში დარჩენა! ისიც ნათელი იყო, რომ ნაცმოძრაობამ წინასწარ მოამზადა ადამიანთა ჯგუფი, რომლებიც განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ.
ახლა მახსენდება ყველა ჩემი გამოსვლა პარლამენტის პლენარულ სხდომებზე. მახსენდება ყველა ჩემი მოწოდება „ქართული ოცნებისადმი“- დაასრულეთ კოჰაბიტაცია კრიმინალებთან! ვწუხვარ, რომ გამართლდა, რასაც ვამბობდი- სააკაშვილ-ბოკერიების პოლიტჯგუფებმა „ქართული ოცნება“ ისეთ ხაფანგში შეიტყუეს (და „ქართული ოცნებაც“ შეჰყვა ამ ბოროტ თამაშს), რომ ახლა 7 ნოემბერი და 20 ივნისი ერთ სიბრტყეში დევს!
როგორ დაიწყო ეს პროცესი და რატომ დაიწყო? ისევ ვამბობ: „ქართული ოცნება“ და კონკრეტულად,- ბოკერია პარლამენტიდან გავრილოვის გაგდების ეპიზოდზე იყვნენ შეთანხმებულნი. ეს იყო სპექტაკლი. და აქ უამრავი კითხვაა: საერთოდ, რატომ ჩამოიყვანეს და შემოუშვეს საქართველოში გავრილოვი? რატომ მანამდე არ აუხსნეს, რომ საქართველოში მის სტუმრობას არ მოჰყვებოდა სასიკეთო რეზონანსი? ვინ ავრცელებდა მიზანმიმართულად არასწორ ინფორმაციას გავრილოვზე, თითქოს მას აფხაზეთის ომში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული ან სოხუმში იყო ნამყოფი? როცა ეს არასწორი ინფორმაცია ვრცელდებოდა, რატომ არ გააკეთეს კომენტარი სათანადო სტრუქტურებმა, რომლებსაც შესწავლილი ჰქონდათ გავრილოვის დოკუმენტაცია და რატომ არ თქვეს, რომ გავრილოვს არავითარი სავიზო პირობები არ ჰქონდა დარღვეული, რატომ გაჩუმდნენ? ახლა სხვა კითხვა- თუ გავრილოვი შემოუშვეს საქართველოში, რატომ ვერ უზუნველჰყვეს მისი დაცვა? მტერსაც კი, როცა სახლში ეპატიჟები, იმდენი ღირსება უნდა გქონდეს, რომ ან არ დაპატიჟო (თუ არ გინდა, რომ ეს მტერი შენს ოჯახში შემოვიდეს) ან თუ დაპატიჟებ, პროვოკაცია არ მოუწყო, მერე კვერცხების სროლითა და ცემა-ტყეპით არ დაასრულო ეს სტუმრობა. ის, რომ გავრილოვს თავად არ ეყო გამჭრიახობა,- არ დამჯარიყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, მისი პირადი პრობლემაა. არ უნდა დამჯდარიყო. მაშინაც კი, როცა ეს შესთავაზეს, მაგრამ გავრილოვი შემოიტყუეს, დაცვას შეპირდნენ და მერე გადააგდეს.
პროვოკაცია იყო პარლამენტის სხდომათა დარბაზში ასამბლეის შეკრების დაგეგმვა. პროვოკაცია იყო გავრილოვის დასმა პარლამენტის აწ უკვე გადამდგარი თავმჯდომარის ადგილზე, რაც მიუღებელი და დაუშვებელი იყო, მაგრამ ისევ ვამბობ: გავრილოვი თავისი ინიციატივით არ დამჯდარა ამ სკამზე, ის დასვეს. დასვეს სწორედ იმიტომ, რომ მოგვიანებით, ბოკერიასა და „ქართული ოცნების“ ერთობლივი სპექატკლი ძალაში შესულიყო. როგორც გაირკვა, ამ ღონისძიების შესახებ ინფორმაცია პარლამენტის უკვე ყოფილ თავმჯდომარესაც ჰქონდა და, ცხადია, ბიძინა ივანიშვილსაც. პროცესი ბოკერიას კონტროლიდან მას შემდეგ გავიდა, რაც პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის ლიდერებმა და ასევე, ბოკერიას პარტიის წევრმა უგულავამ ღია მოწოდებები გააჟღერეს, რომ კონსტიტუციის ფარგლებიდან გადიან!
დააკვირდით: ბოკერია მაშინვე შეეცადა გამიჯვნოდა ამ მოწოდებებს და მუდმივად აპელირებდა იმაზე, რომ ძალადობა დაუშვებელია. თუმცა, თვითონ მიიყვანა პროცესი ამ კონდიციამდე. „ქართული ოცნება“ თავისსავე დაგებულ ხაფანგში გაება. პარლამენტის დაცვა სპეცრაზმების მობილიზებით გახდა საჭირო. მერე მოხდა საშინელება, რაც მეგონა, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში აღარასდროს მოხდებოდა, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ იმდენი იხტუნა, რომ თავისი თავი თვითონ მიიყვანა 20 ივნისამდე!
ასეთ დროს ფიზიკურად ყოველთვის ზარალდებიან სამართლიანად გაბრაზებული, ანთებული ახალგაზრდები. ყოველთვის ზარალდება ხალხი და არა პოლიტიკური ლიდერები. დღეს რა ვქნათ, როგორც განვაგრძოთ ცხოვრება?
ძალიან მარტივია ჩემი პოზიცია- „ქართულმა ოცნებამ“ საბოლოოდ უნდა თქვას უარი ბოკერია-საკაშვილის ჯგუფებთან პოლიტიკურ თამაშებზე! მოუხადოს ქართველ ხალხს ბოდიში და დაიწყოს ახალი ფურცლიდან!
1. ვინც ძალადობრივ მოწოდებებს აჟღერებდა, ყველა პირი უნდა მიეცეს პასუხისგებაში, განურჩევლად მისი სტატუსისა.
2. სწორია, რომ გადადგა პარლამენტის თავმჯდომარე! მანამდე უნდა გადამდგარიყო, გაცილებით უკეთესი იქნებოდა!
3. ხშირად არჩევნებზე მეკითხებიან… ცხადია, დადებითად უნდა გადაწყდეს პროპორციულ არჩევნებზე გადასვლის საკითხი (2020 წლიდან). ამაზე ჩვენ ჯერ კიდევ მაშინ ვსაუბრობდით, როცა ქვეყანას სააკაშვილი მართავდა, ხოლო „ოცნება“ მოდიოდა ხელისუფლებაში!
4. უნდა დაიწყოს თაროზეშემოდებული საქმეების გამოძიება, სწრაფად უნდა დასრულდეს ეს გამოძიებები და ციხეში უნდა წავიდეს ყველა, ვინც ქართველ ხალხს აწამებდა და კლავდა, დაწყებული ბოკერიათი გაგრძელებული სააკაშვილით!
5. იქ, სადაც არაა სამართლიანობა, არაა მშვიდობა! ჩვენ მშვიდობა გვინდა, განვითარება გვინდა და არა რეზინის ტყვიების ქვეშ ცხოვრება!” – ნათქვამია ინაშვილის განცხადებაში.
შეგახსნებთ, გუშინ, 20ივნისს, საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
რის შემდეგაც, პარლამენტის წინ, აქციის მონაწილეებმა მომხდარი გააპროტესტეს.
აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათში ნიკა მელიამ მოუწოდა აქციის მონაწილეებს, რომ შესულიყვნენ პარლამენტის შენობაში. რამდენიმე საათის განმავლობაში პარლამენტის კიბეებთან პოლიციასა და მომიტინგეების ნაწილს შორის ხელჩართული ჩხუბი მიმდინარეობდა.
ამის შემდეგ პოლიციამ აქციის დაშლა დაიწყო. დაშლა და აქციის მონაწილეების დაპატიმრება გამთენიისას დასრულდა. დაშლისას სამართალდამცავებმა გამოიყენეს წყლის ჭავლი, რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი.
ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ზაზა ბოხუამ ინგოროყვას კლინიკაში, სადაც აქციებზე დაშავებული პაციენტები მოინახულა და განაცხადა, რომ აქციებზე სულ 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 102 პაციენტი კლინიკებში რჩება.
ვინც რეზინის ტყვიის გამოყენების გამართლებას ცდილობს, მას თავად არ მოხვედრია ეს ტყვია და არ ესმის, რომ რეზინის ტყვიის…
Gepostet von ირმა ინაშვილი am Freitag, 21. Juni 2019